შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გუიდო ვესტერველეს შეხვდა, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
ავღანეთში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო ოპერაციაში გერმანიის საჯარისო კონტინგენტი მესამე ადგილზეა რაოდენობის მიხედვით. ქალბატონმა კლინტონმა და ბატონმა ვესტერველემ ღრმა მწუხარება გამოხატეს ამას წინათ ავღანეთში ამერიკელი და ფრანგი ჯარისკაცების დაღუპვის გამო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით:“ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რატომ ვიმყოფებით ავღანეთში. ეს ქვეყანა აღარ უნდა გადაიქცეს მსოფლიოს ტერორისტების თავშესაფრად. ჩვენ უნდა შევძლოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თავისუფლების და დასავლური ცხოვრების წესის დაცვა.“ განაცხადა ბატონმა ვესტერველემ.
ჰილარი კლინტონმა და გუიდო ვესტერველემ შეშფოთება გამოხატეს ირანის პოლიტიკის გამო, რომელიც ბირთვული იარაღის დაუფლებას ცდილობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით:“ ჩვენ ვაგრძელებთ ირანზე ზეწოლას ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო და ერთმანეთთან შეთანხმებით შემოგვაქვს სანქციები მის წინააღმდეგ.“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ატომური ბომბით შეიარაღებული ირანი მიუღებელია არა მარტო ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
რაც შეეხება სირიას, ამ ქვეყანაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა 5 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შეერთებული შტატები და გერმანია ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას უჭერენ მხარს და არაბული ლიგის გვერდით დგანან ამ კრიზისის მოგვარების საქმეში. გაეროს უშიშროების საბჭო ვალდებულია დაგმოს სირიის რეჟიმის მიერ საკუთარ ხალხზე განხორციელებული ძალადობა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მადლობა უთხრა თავის გერმანელ კოლეგას გერმანიის მიერ ევროკავშირის ფინანსური კრიზისის მოგვარებაში შეტანილი წვლილის გამო. ვაშინგტონი მხარს უჭერს გერმანიის ძალისხმევას, რათა ევროზონაში შემავალმა სახელმწიფოებმა დაძლიონ თავიანთი ფინანსური პრობლემები და ეკონომიკური აღმავლობის გზაზე დადგნენ.
შეერთებული შტატები და გერმანია მომავალშიც მოკავშირეებად დარჩებიან, შეასრულებენ ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყვეტენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს.