აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორების ფარგლებში ვაშინგტონში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამა წლის 8 სექტემბერს გაიმართა.

შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ სახ. დეპარტამენტმა ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა.

"ერთობლივი სამუშაო ჯგუფის განცხადებით, ისტორიულმა მოვლენებმა, რომლებიც წინ უსწრებდა ამ შეხვედრას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაზარდა"-ვკითხულობთ განცხადებაში.

"2017 წლის 16 თებერვალს ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იან სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა, ხაზი გაესვა ნატოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ."

განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას საქართველოს სამხედრო მზაობის გასაუმჯობესებლად და რომ მხარეები, ასევე, გააგრძელებენ თანამშრომლობას სამხედრო სფეროში, რომელიც საერთო წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ (Noble Partners) და „მებრძოლი სული 2017“ (Agile Spirit) წარმატებას დაეფუძნება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ როგორც ივლისის ბოლოს საქართველოში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აღნიშნა, შეერთებული შტატები 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის ერთგული რჩება და მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. დოკუმენტში ასევე დამოწმებულია ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ნატოს წევრობის მოთხოვნებს ზედმიწევნით აკმაყოფილებს.

ჯგუფის შეხვედრაზე შეერთებულმა შტატებმა ნატოს ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. რის შემდეგაც მხარეებმა პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპულ ქართველ და ამერიკელ სამხედროებს.

"შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კომისია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მთავარ ინსტრუმენტად რჩება. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები მუშაობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთა შორის კულტურული გაცვლით პროგრამები,"-ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.