შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელებს შორის ორმხრივი სამხედრო კონსულტაციების ფარგლებში, 6 ოქტომბერს, ვიდეო კონფერენცია გაიმართა. კონსულტაციებს შეერთებული შტატების მხრიდან თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე ლორა კუპერი, საქართველოს მხრიდან კი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ხელმძღვანელობდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
კონსულტაციების მიზანი ორმხრივი უსაფრთხოების პრიორიტეტების განხილვა, საერთო უსაფრთხოების მიზნების მიღწევის მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იყო.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების და საქართველოს დელეგაციებმა განიხილეს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის უკვე არსებული ძლიერი საფუძვლების გაფართოება და უსაფრთხოების თვალსაზრისით, თანამშრომლობის ახალი მიზნების ჩამოყალიბება.
„საუბრის სხვა თემებს შორის იყო ავღანეთი და მტკიცე მხარდაჭერის მისია, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმისა და მოდერნიზაციის ძალისხმევა. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთმანეთთან სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულება და საქართველომ აღიარა ამ პარტნიორობის წარმატების გაფართოების მნიშვნელობა მისი ევოლუციის გზაზე,“ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.