დემოკრატიის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა

12 ნოემბერს ვაშინგტონში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. სხდომის მიზანი 2014 წელს, ამავე ჯგუფის მიერ თბილისში დასახული მიზნების პროგრესის შეფასება იყო. შეხვედრა მოჰყვა 2 ნოემბერს, სახელმწიფო მდივნის მოადგილეების- ენტონი ბლინკენისა და ვიქტორია ნულანდის შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. „მხარეებმა სამართლიანი, თანაბარი და კონკურენტული გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ისევე როგორც პოლიტიკური მხარეებისთვის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ღია, პლურალისტული და დამოუკიდებელი ადგილის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ“-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა ის პროცესები, რომლებიც კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით წარიმართა, "რაც შესაძლებელს გახდის სააპელაციო პროცესების განვითარებას და მედია პლურალიზმის შენარჩუნებას საქართველოში". აქვე, ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოსა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნების მნიშვნელობა.

დელეგაციას საქართველოდან წარმოადგენდნენ თანათავმჯდომარეები-საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე ჯონათან კატცი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ევრაზიის საკითხების დივიზიის დირექტორი ქეთრინ ნიუკომბი წარმოადგენდნენ.