ამერიკა-საქართველოს ბიზნესის საბჭო შეიკრიბა

US Department of Commerce 1996 11111111111

აშშ მაღალჩინოსანი: "საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გავლენას არ იქონიებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე."
"დღესდღეობით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ერთერთი აქცენტი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გამყარების ხელშეწყობაა. ვაშინგტონი მიესალმება საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის აქტიური და მშვიდობიანი მონაწილეობის დასრულებისას დამდგარ შედეგებს და განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას"-აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების ბიუროდან დებორა მაკარტიმ. "პოლიტიკური განვითარების გზა შესაძლოა ადვილი არ იყოს და ამის მაგალითია ამერიკაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ეს მრავალპარტიული პოლიტიკური რეალობის ამსახველი პროცესია. საქართველოში მნიშვნელოვანი იქნება კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა. ამასთანავე, აშშ აგრძელებს საქართველოს ახალი ხელისუფლების მოწოდებას რომ დაცული იქნას კანონი, როცა ყოფილი მთავრობის მოხელეების დაკავება ხდება." ეს განცხადებები ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ვაშინგტონში ამერიკა-საქართველოს ბიზნესის საბჭოს საიუბილეო, 15-ე კონფერენციაზე გააკეთა.

მაკარტიმ, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განახლების პერსპექტივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ხელს არ შეუშლის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების წარმატებას. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სურვილია საქართველო ნატოს დაუახლოვდეს და ასევე გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან.

ღონისძიება 12 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართა და მის მუშაობაში მონაწილეობას ამერიკის სამთავრობო და კერძო უწყებების წარმომადგენლები, საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური სტრუქტურების წევრები იღებდნენ. ფორუმი საბჭოს პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა გახსნა. დამსწრეთა წინაშე მოხსენება გააკეთეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კერვალიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ. ფორუმზე განიხილებოდა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, გამოწვევები და შესაძლებლობები, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ორ ქვეყანას შორის და ურთიერთობები აშშ-ს ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო წრეებთან.