ამერიკის დიპლომატიური ძალისხმევა კორეის ნახევარკუნძულზე

აშშ-სამხრეთი კორეის ყოველწლიური სამხედრო წვრთნების წინ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ჯოზეფ დანფორდი კორეის ნახევარკუნძულზე ჩავიდა. წვრთნები ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობის უფრო მეტად გაზრდის რისკს შეიცავს.

დანფორდი აცხადებს, რომ მისი რეგიონში სტუმრობა აშშ-ის მოკავშირე სამხრეთ კორეელებსა და იაპონელებთან კონსულტაციებს ისახავს მიზნად. ეს იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ფხენიანთან სამხედრო კონფრონტაციის შესაძლებლობა გაზრდილია.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა აშშ-ისთვის "ძალიან სერიოზული საფრთხეა." აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ჰ. რ. მაკმასტერმა "ეი-ბი-სის" განუცხადა, რომ "დღეს აშშ და ჩრდილო-კორეა ომთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ათი წლის წინ."

გენერალ დანფორდის განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების უპირველესი ამოცანაა, "ხელი შეუწყოს ტრამპის ადმინისტრაციის დიპლომატიურ და ეკონომიკურ ძალისხმევას, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას ისახავს მიზნად." თუმცა გენერალი დანფორდი იმასაც ამბობს, რომ შეიარაღებული ძალები მზადაა, განიხილოს სამხედრო გზა, თუ დიპლომატიური მცდელობები ჩავარდება.