ფორტ ჰუდის ტრაგედია

ფორტ ჰუდში მასობრივი მკვლელობის ავტორის ნიდალ ჰასანის სასამართლო პროცესი დაიწყო
2009 წელს ფორტ ჰუდში მასობრივი მკვლელობის გამო როგორც სამხედრო ბაზის, ასევე მის ახლოს მდებარე ქალაქი კილინის მაცხოვრებლები შეშფოთებული იყვნენ. ადამიანების სიკვდილთან ერთად, ტრაგედია კიდევ უფრო იმან გაამძაფრა, რომ თავდამსხმელი ბაზის ერთ-ერთი ჯარისკაცი ნიდალ ჰასანი იყო.

კილინის მოსახლეობის უმრავლესობა ფორტ ჰუდთან პირდაპირ თუ არა პირდაპირ დაკავშირებულია. ამის გამო, მასობრივი მკვლელობის ფაქტი მათ ემოციურად მიიღეს და მაიორი ჰასანის სასამართლო პროცესის გაჭიანურებას კრიტიკულად შეხვდნენ.

„ყველამ ვიცით, რომ დამნაშავეა. მან დანაშაული აღიარა კიდეც. რატომ არ იწყება პროცესი?!“

„სასამართლო პროცესი არც უნდა იმართებოდეს. მან ასეთი დანაშაული ჩაიდინა და ყველამ დაინახა, რომ ეს ადამიანიები მან მოკლა.“

გადამდგარი შტაბის სერჟანტი დოროთი გროგან-გარდნერი სროლის დროს ბაზაზე იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ არმიას მასობრივი მკვლელობის თავიდან აცილება შეეძლო ყურადღება რომ მიექცია რადიკალური ისლამის მიმართ ჰასანის ხმამაღლა გამოხატული სიმაპთიისთვის.

„მისი ქცევა, მანერები, ლაპარაკი, ყველაფერი შეშფოთების საბაბს იძლეოდა.“

დაშავებულების დიდმა ნაწილმა ჰასანისა და ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, რომლებიც სარჩელს სიხხარულით შეხვდნენ.

კილინის მერი დენ კორბინი ამბობს, რომ კარგად ესმის რატომ არის მოსახლოება ასე შეწუხებული ფორტ ჰუდში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

„თავდაპირველად ქალაქმა დიდი შოკი გადაიტანა, შემდეგ დაიწყო გლოვა. ამას კი სიბრაზე მოჰყვა, რომელიც მკვლელის სასამართლო პროცესის დაყოვნებამ გამოიწვია. მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ სამართლიანობის ბორბალი ასე ნელა ტრიალებს.“

სამხედრო სამართლის ექსპერტი ჯეფრი კორნი, რომელიც სამხრეთ ტეხასის უნივერსიტეტში სამხედრო სამართალს ასწავლის, ამბობს, რომ სასამართლოს მიერ პროცესის დაყოვნება საბოლოო ჯამში კარგ შედეგს მოიტანს.
„მე გამოვიყენებდი სიტყვა მეთოდურს და არა ნელს. სისწრაფის გამო შეიძლება საქმის გრძელვადიანი შედეგები დაზარალებულიყო. სწრაფი გამოძიების შემდეგ ჰასანს სასამართლო სასჯელს მიუსჯიდა, მაგრამ სავარაუდოდ დარჩებოდა აპელაციისთვის საჭირო საფუძველი.“

მიუხედავად იმისა, რომ ლოდინი საკმაოდ მტკივნეულია ქალაქის მოსახლეობისთვის, კორბინი ამბობს, რომ ხალხი მზადაა ძველი ტკივილი გაიხსენოს იმისთვის, რომ სამართალი აღდგეს.

„ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ. ფორტ ჰუდიდან საბრძოლო ველზე გაგზავნილ ჯარისკაცებში სიკვდილიანობა სხვა ბაზებთან შედარებით მაღალია.“

„უამრავ დაკრძალვაზე ვართ ნამყოფი და უდიდესი ტკივილი გვაქვს არაერთხელ გადატანილი. 2009 წლის ნოემბერში მომხდარი ტრაგედია ამ ტკივილის ნაწილი გახდა. “

ფორმიანი სამხედრო პრესონალი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, მაგრამ არაფორმალურ გარემოში თითქმის ყველა მათგანი ამბობს, რომ უხარიათ, რომ სასამართლო პროცესი როგორც იქნა დაიწყო.