ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების, მისი შიმშილობის, ციხის საავადმყოფოში მოტყუებითა და იძულებით გადაყვანისა და მასთან მოპყრობის შესახებ ცნობები დასავლელი პარტნიორების ყურადღებასაც იქცევს და ჩრდილოელი აგრესორისაც. მაშინ, როცა პუტინის რუსეთში პრო-სამთავრობო მედია საქართველოზე ქილიკს აგრძელებს, ქვეყნის ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მის დემოკრატიულ უკუსვლაზე წუხან. ამერიკელი ანალიტიკოსებისა თუ ევროპელი კანონმდებლების აზრით, პოლიტიკური შურისძიება და ოპონენტების დამცირების მცდელობა საქართველოს დემოკრატიული, პრო-დასავლური ქვეყნის იმიჯისგან უფრო და უფრო აშორებს. საბოლოოდ კი, ზიანდება არა მხოლოდ ესა თუ ის პარტია, არამედ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები - არჩევანი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას გამოხატავს.
"ეს საშინელებაა. პრეზიდენტ სააკაშვილთან შეუსაბამო მოპყრობის ამსახველი ვიდეოები არის უღირსი რამ", - ამბობს დენიელ ფრიდი, მერიკაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი და განმარტავს: "არ არის აუცილებელი სააკაშვილი მოგწონდეს. მას შეიძლება აკრიტიკებდე სწორედ საქართველოს ციხეებში მისი პრეზიდენტობისას პატიმრებთან სასტიკი მოპყრობის გამოც. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომ წააგო მან არჩევნები, მაგრამ ეს არ არის გამართლება საქართველოს ახლანდელი მთავრობისთვის და მან ეს ახლავე უნდა შეწყვიტოს".
მიხეილ სააკასვილის საქმე
კანონს რეპრესიების იარაღად პუტინი იყენებს. საქართველო ამაზე უკეთესი უნდა იყოს. რაც ხდება არ არის კარგი. საქართველოს მეგობრები შეძრწუნებულნი არიან,- დენ ფრიდი
ყოფილ დიპლომატს მიაჩნია, რომ ეს სიტუაცია არავისთვისაა კარგი და ნებისმიერი "კარგი პოლიტიკა" იმაზე მეტია, ვიდრე პოლიტიკურ ოპონენტებზე შურისძიებისა და მათი დამცირების მცდელობა. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ის შეშფოთებას არ მალავს და ამბობს, რომ აქამდე დასავლეთს იმედი ჰქონდა, ქართული მხარე სიტუაციიდან გამოსავალს თავად იპოვიდა, მაგრამ ვითარება გაუარესდა:
"როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს, საქართველოს ბევრი მეგობარი ამერიკაშიც და ევროპაშიც შედარებით ჩუმად იყო. იმედოვნებდა, რომ საქართველო თავად იპოვიდა გამოსავალს, მაგრამ ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური რევანშის შესაძლებლობადაა აღქმული. კანონს რეპრესიების იარაღად პუტინი იყენებს. საქართველო ამაზე უკეთესი უნდა იყოს. რაც ხდება არ არის კარგი. საქართველოს მეგობრები შეძრწუნებულნი არიან", - ამბობს ფრიდი.
„პოლიტიკური შურისძიება“ - ეს შეფასება ვაშინგტონში ახლა ყველაზე ხშირად ისმის. ქვეყნის მესამე პრეზიდენტისადმი მოპყრობა და მისდამი დამოკიდებულება ამგვარად არა მხოლოდ ანალიტიკოსებმა და მკვლევრებმა, არამედ საერთაშორისო უფლებადამცველებმაც შეაფასეს. „საერთაშორისო ამნისტიამ“ თქვა, რომ ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური ვენდეტაა.
ამერიკის დედაქალაქში ამბობენ, რომ ერთი მხრივ, მას სხვა პატიმრების თანასწორად უნდა მოექცნენ, რაც ნიშნავს, რომ შესაძლო ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს, მაგრამ მან იმ უფლებებითაც უნდა ისარგებლოს, რითიც სხვა პატიმრები სარგებლობენ. ამასთან, ექს-პრეზიდენტის უსაფრთხოება, მათი აზრით, ცალსახად ხელისუფლების ხელშია.
Your browser doesn’t support HTML5
პოლ სტრონსკი "კარნეგის ფონდის" რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ სააკაშვილის, როგორც რიგითი პატიმრის უფლებებს ემატება მისი უსაფრთხოების გარანტირების ვალდებულებაც, რაც "ნამდვილად არაა ის, რაც ბოლო დღეებში ვნახეთ. ეს ძალიან შემაშფოთებელია. მას აქვს ღირსება და ასევე უფლება, მისი უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. ის არ დგას კანონზე მაღლა, თუ დანაშაული ჩაიდინა, საკუთარი პოზიციების მრავალფეროვანი დაცვისა და გამართლების საშუალებაც უნდა მიეცეს, ისევე, როგორც სხვა პატიმრებს მოეპყრობოდნენ", - ამბობს სტრონსკი.
ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, კენეტ იალოვიცს კი მიაჩნია, რომ სააკაშვილის ბრალეულობასა თუ უდანაშაულობას არაფერი აქვს საერთო მის მიმართ ადამიანური მოპყრობის აუცილებლობასთან:
„სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, მის წინააღმდეგ არის კონკრეტული ბრალი წაყენებული და ეს უნდა გავმიჯნოთ ჰუმანიტარული ასპექტისგან, რომელიც ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ მისი ჯანმრთელობა შენარჩუნდეს. სააკაშვილს აქვს სამართლიანი და პატივისცემის სათანადო ხარისხით მოპყრობის უფლება“, - ამბობს იალოვიცი.
ყოფილი დიპლომატები და რეგიონის სხვა მკვლევრები „ქართულ ოცნებას“ დამაპირისპირებელი რიტორიკისა და ნაბიჯების გამოც აკრიტიკებენ. მათი განმარტებით, ეს არათუ სიტუაციის განმუხტვის, არამედ მეტი ესკალაციისა და ოპოზიციის დამცირებისკენაა მიმართული. პოლ სტრონსკი ამბობს, რომ ამგვარი ნაბიჯებით, მმართველი პარტია სუსტად გამოიყურება:
ასევე ნახეთ: "საქართველოს პოლიტიკური სისტემა გასაჭირშია" - ამერიკის ყოფილი ელჩები
"ისე ჩანს, რომ ისინი საკმაოდ ნერვიულობენ და ეს არ გამოიყურება, როგორც სტაბილური [სიტუაცია]. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი მეტ მხარდაჭერას იკრებს არა მხოლოდ უშუალოდ მისი ამომრჩევლისგან, არამედ საქართველოს მთავრობის, მმართველი რეჟიმის სხვა მოწინააღმდეგეებისგანაც. ბოლო რამდენიმე თვე და მთელი წელი ძალიან რთული იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის“. ეს ყველაფერი კი მგონია, რომ სიტუაციას აუარესებს და მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ქვეყანა და მთავრობა დიდად არ შეცვლილა. ის გამოიყურება როგორც სასტიკი ხელისუფლება, რომელიც არ არის დარწმუნებული, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებს", - ამბობს სტრონსკი და განმარტავს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მოწინააღმდეგეების დემონიზება და პოლიტიკური ოპონენტების განადგურების სურვილსაც უნდა მოერიოს.
რა სურს საქართველოს? სურს, რომ წინ წავიდეს თუ უკან იაროს, ჩაიძიროს და იქცეს კიდევ ერთ პოსტ-საბჭოთა ავტორიტარულ, მოსკოვზე დამოკიდებულ დამარცხებულ ქვეყნად? დიახ, მე მკაცრად ვსაუბრობ, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ეს სიტუაცია უნდა გამოასწოროს,- დენ ფრიდი
"მმართველი პარტია რამდენიმე დიდ შეცდომას უშვებს. ადამიანის დაუსწრებლად გასამართლება და მსჯავრდება, დასავლეთისკენ ორიენტირებული ქვეყნისთვის პრობლემური საკითხია. ახლა კი, ვფიქრობ, ესაა უდიდესი ძალისხმევა იმისთვის, რომ დაამცირონ სააკაშვილი, დაამცირონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უგულვებელყონ ყველანაირი კრიტიკა.... იგივე ხდება ყველა იმ ადამიანის მიმართაც, ვინც „ქართული ოცნება“ დატოვა, ისინი ყველა მათგანს იღებენ მიზანში. შესაძლოა, არა ისეთივე გესლით, როგორც სააკაშვილს, მაგრამ საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს აღიქვამენ მტრებად და უფრო და უფრო მეტად - მოღალატეებად, როგორც მოღალატეებს", - ამბობს სტრონსკი.
პრობლემა - დასავლეთთან ურთიერთობა
გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ ევროპარლამენტარების მხრიდან არაერთი კრიტიკული შეფასება მოისმინა. ევროპარლამენტარმა და ევრონესტის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ გასაკვირი არ იქნება, თუ საქართველოს მოსახლეობას "ქართული ოცნების" მმართველობასა და ევროკავშირში გაწევრიანებას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ევროპარლამენტარ ვიონა ფონ კრამონის თქმით კი, საქართველოს მმართველი პარტია ისე შორს არის ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ, როგორც - არასდროს. ქვეყნის ხელისუფლებისა და პრო-დასავლური მომავლის დაპირისპირების განცდა ვაშინგტონშიც არსებობს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, ისევე, როგორც ევროკავშირის ძალისხმევის უგულვებელყოფა ქვეყანას დასავლეთისგან, განსაკუთრებით კი ევროპული ოჯახისგან უფრო და უფრო აშორებს.
უილიამ კორტნი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ევროკავშირთან საქართველოს მხრიდან "ცუდად მოქცევაზე" ამახვილებს და ამბობს, რომ სწორედ ესაა ის, რაზეც პოლიტიკური ელიტა ახლა ყველაზე მეტს უნდა მუშაობდეს. რადგან სწორედ ევროკავშირია საქართველოს უმთავრესი პარტნიორი და სწორედ ბლოკის წევრობა სურს საქართველოს.
„პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იჩენს ხოლმე თავს, პოლიტიკა ხშირადაა წინააღმდეგობრივი და ეს არც საქართველოსთვისაა მოულოდნელი. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ საქართველო ევროკავშირს ცუდად მოექცა და ეს არაა ის, რასაც ბრიუსელში მსუბუქად მიიღებენ. ევროკავშირის ქვეყნებმა ბლოკში საქართველოს წევრობას მხარი ერთხმად უნდა დაუჭირონ. ზოგიერთი ეს ქვეყანა კი იმედგაცრუებული იქნება იმით, თუ როგორ მოექცა საქართველო ევროკავშირს. ეს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო კრიზისია", - ამბობს უილიამ კორტნი კორპორაცია "რანდიდან".
პოლ სტრონსკი კი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი კუთხით, საქართველოს ახლანდელი მთავრობა სულაც არ გამოიყურება მისი ზოგიერთი მეზობლისგან დიდად განსხვავებულად: "ვფიქრობ ეს საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივას ნამდვილად ამუხრუჭებს. ეს ყველაფერი საქართველოს [ინტერესების] დამცველებს საქმეს ძალიან ურთულებს".
მეგობრები ერთხმად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისა და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივების შესაბამისად. დენ ფრიდი ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტის ციხეში ყოფნა პრობლემური, საორჭოფო საკითხია. ქართულმა მხარემ კი ჯობს მისი გათავისუფლების, თუნდაც უკრიანული მხარისთვის გადაცემის გზა მონახოს. ის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის გასამართლების შემთხვევასაც იხსენებს, მაგრამ ამბობს, რომ განსხვავება აშკარაა და საქართველოში განვითარებული პროცესები გამოიყურება, როგორც "წვრილმანი პირადი შურისძიება":
"რა სურს საქართველოს? სურს, რომ წინ წავიდეს თუ უკან იაროს, ჩაიძიროს და იქცეს კიდევ ერთ პოსტ-საბჭოთა ავტორიტარულ, მოსკოვზე დამოკიდებულ დამარცხებულ ქვეყნად? დიახ, მე მკაცრად ვსაუბრობ, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ეს [სიტუაცია] უნდა გამოასწოროს", - ამბობს ფრიდი.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ქვეყანაში პოლიტიკურ მხარეებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობით უნდა გრძელდებოდეს, და არა პირადი თუ პოლიტიკური შურისძიებით. ქართული სასამართლოს მიუკერძოებლობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებული კითხვების ფონზე, კონკრეტული პროგნოზების გაკეთება დასავლეთში უჭირთ, მაგრამ გულშემატკივრები მხარეებს გამოსავლის მონახვისკენ და რაც ყველაზე მთავარია, მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაზე მუშაობისკენ მოუწოდებენ.