დიდი რვიანის ახალი ინიციატივა ვაჭრობას უკავშირდება

სავაჭრო ხელშეკრულების პერსპექტივა, როგორც სამუშაო ადგილების შექმნის ისე ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი საშუალებაა

Your browser doesn’t support HTML5

სამიტი


დიდ ბრიტანეთში დიდი რვიანის შეხვედრაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ევროპის ლიდერებმა განაცხადეს რომ ისტორიულად, სავაჭრო სფეროში ყველაზე დიდი გარიგების გაფორმებასთან დაკავშირებით მუშაობას იწყებენ. ლონდონიდან, ამერიკის ხმის კორესპონდენტის ალ პესინის ინფრომაციით, ლიდერები ძირითად ფოკუსირებას რეგიონული სავაჭრო გარიგების გარშემო ახდნენ, რადგან უფრო მასშტაბური პროექტი, რომელიც ამერიკასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობს, ჩიხშია შესული.

როდესაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას აკეთებდა, მის გვერდით შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ევროკავშირის ქვეყნების სხვა ლიდერები იდგნენ.

დევიდ კამერონი: საუბარი ეხება სავაჭრო გარიგებას, რომელსაც უდიდესი გავლენა ექნება სხვა ყველა აქამდე არსებულ გარიგებასთან შედარებით, რაც ქვეყნებს გაუფორმებიათ- აცხადებს კამერონი.

ეს იყო დევიდ კამერონის მთავარი მიზანი სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს რვა ყველაზე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ. დიდი რვიანის სამიტის მასპინძელი ქვეყანა ამჯერად დიდი ბრიტანეთი იყო.

ლონდონის "ჩეთემ ჰაუსის" ანალიტიკოსი სტივენ პიკფორდი ამბობს, რომ ასეთი სავაჭრო გარიგების გაფორმება ლიდერების მხრიდან პირველი ინიციატივა არ ყოფილა.

სტივენ პიკფორდი: ალბათ ყველას სურს, რომ ჰქონდეს მრავალმხრივი, უნივერსალური სავაჭრო გარიგება და ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თუმცა ამ დროისთვის ის უპერსპექტივოდ გამოიყურება. ამდენად ის ფიქრობს, რომ ლიდერები ფოკუსირებული არიან მეორე, არანაკლებ საინტერესო ინიციატივაზე, რომელიც დაინტერესებულ ქვეყნებს შორის სავაჭრო ლიბერალიზაციას გულისხმობს, აცხადებს სტივენ პიკფორდი.

თუმცა ამ სურვილს ყველა პარტნიორი ქვეყანა არ გამოთქვამს. ახლო მოკავშირეებს შორისაც კი არ არის ამ საკითხის გარშემო სრული ერთსულოვნება.

მაგალითად, მოსამზადებელი მოლაპარაკების დროს საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრმა თითქმის ვეტო დაადო ამ წინადადებას. ფრანგ ოფიციალურ პირებს სურთ რომ თავიანთი გასართობი ინდუსტრია ჰოლივუდის გავლენისგან და ამერიკული ინტერნეტ კომპანიებისგან დაიცვან.

თუმცა ამგვარი შეშფოთების მიუხედავად, ლიდერების უმრავლესობა სავაჭრო ხელშეკრულების პერსპექტივას განიხილავს როგორც სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელ საშუალებას. სტივენ პიკფორდი ამბობს, რომ ორივე კრიტიკული ამოცანაა.

მისი თქმით, განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა და დიდ რვიანში შემავალი თითქმის ყველა ქვეყანა ისევ ცდილობს თავი დააღწიოს მსოფლიო ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს.

ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, და სავაჭრო ურთიერთობების სფეროში დაძაბულობის პირველი ნიშნები უკვე შეინიშნება.

პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ის არ დაუშვებს რომ ასეთმა დაძაბულობამ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს პრობლემები შეუქმნას.

ბარაკ ობამა: მნიშვნელოვანია რომ სიძნელეებს არ შევუშინდეთ, რაც იმას ნიშნავს რომ ცდუნება ან ამბიციები გვერდზე გადავდოთ და გარიგების გაფორმების მიზნით არც რთულ საკითხებს ავარიდოთ თავი.

თვეები, შეიძლება წლებიც დასჭირდეს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. თუმცა პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ იგი პირადად იქნება ჩართული ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში და რომ მხარეების უთანხმოებამ ეკონომიკურ გაჯანსაღებას ხელი არ უნდა შეუშალოს.