აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის მისია საქართველოში ოქრუაშვილისთვის პატიმრომის მისჯას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას, თბილისში, შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება.

“ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება.
აშშ-ის საელჩო

8 მარტის შეთანხმებაში, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე და რეაგირებაზე იმ საქმეებზე, რომლებიც ქმნის სასამართლოს პოლიტიკურობის აღქმას.

„მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული“, - ნათქვამია მემორანდუმში.

20 ივნისის აქცია

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 20-21 ივნისს, გავრილოვის ღამის მოვლენების დროს, პარლამენტის წინ „ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის“ დაუმტკიცდა. სასამართლოსვე განმარტებით, „ჯგუფურ მოქმედებებს“ თან ახლდა „ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა“. ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს და წინასწარი პატიმრობა 27 ივლისს მიუსაჯეს.

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები არ უწყობს ხელს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯას, გამოეხმაურა ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

„ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები არ უწყობს ხელს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მან.

ოპოზიცია გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც პოლიტიკურს და ამბობს, რომ ოქრუაშვილი, ისევე როგორც გიგი უგულავა და გიორგი რურუა უნდა გათავიისუფლდნენ.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალი ჯამში 19 პირს წარედგინა, მათ შორის ნაციონალური მოზრაობის წევრს, ნიკა მელიასაც. მელია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.