აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველას თავიდან აიცილონ ძალადობა

ამერიკის საელჩო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიასთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა", - აცხადებს საელჩო.

ასევე ნახეთ: "დღევანდელი გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის,"- სენატორი რიში მელიას საქმეზე

თავდაპირველი განცხადება შეერთებული შტატების საელჩომ, მელიას განაჩენის გამოცხადებიდან ცოტა ხანში გაავრცელა, სოციალურ ქსელებში. საელჩომ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად", - ნათქვამი იყო თავდაპირველ განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" წერილობითი კომენტარი გააკეთა ასევე სენატორმა ჯიმ რიშმა. რიშს 116-ე კონგრესში, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 117-ე კონგრესში, 9 თებერვლის შემდეგ, ის კომიტეტის რესპუბლიკელი ლიდერია.

"ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,"- ამბობს ამერიკელი სენატორი.

ასევე ნახეთ: სასამართლომ მელიას პატიმრობა შეუფარდა 

მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.