პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ნოემბერში დაგეგმილი შუალედული არჩევნების დროს. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად საკითხის აქტუალურობისა, ამერიკის სამხედრო ოპერაციას ავღანეთში ამომრჩევლისთვის შედარებით ნაკლები მნიშვნელობა ექნება.
პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა მომავალი წლის ზაფხულისთვის დაგეგმა: „ჯარების გამოყვანის ტემპს ადგილზე არსებული ვითარება განსაზღვრავს. ჩვენი დახმარება ავღანელი ხალხის მიმართ გაგრძელდება. თუმცა, არ უნდა დავუშვათ შეცდომა. ტრანზიციის პროცესი უნდა დაიწყოს, რადგან ომის უსასრულოდ გაგრძელება არც ჩვენს ინტერესებში შედის და არც ავღანელი ხალხის.“
ავღანეთის საკითხი ობამას ადმინისტრაციისთვის საგარეო პოლიტიკის ყველაზე რთულ გამოწვევად რჩება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ოპერაციის დროს ამერიკელი ჯარისკაცების მსხვერპლმა საგრძნობლად მოიმატა, ქვეყანაში ომის მხარდაჭერა კვლავ სტაბილურია, აცხადებს ქუინიპიაკის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ბრაუნი:
„საინტერესოა ის, რომ ავღანეთში ომის მხარდამჭერები ძირითადად რესპუბლიკელები და კონსერვატორები არიან, რომლებიც პრეზიდენტს სხვა არაფერში უჭერენ მხარს.“
თუ ნოემბრის არჩევნებში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს ავღანეთის ომის მიმართ მხარდაჭერა, სავარაუდოდ, გამყარდება. თუმცა, ამან შესაძლოა კონგრესში შიდა კონფლიქტი წამოჭრას იმ შემთხვევაში, თუ მომავალ წელს დემოკრატები ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას მოითხოვენ.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკელები ყურადღებას გადასახადებისა და სახელმწიფო დანახარჯების შემცირებაზე ამახვილებენ. თუმცა, ასევე საუბრობენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებასა და თავდაცვითი სისტემების გაძლიერებაზე.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტეხასის შტატიდან მეკ ტორნბერი აცხადებს: „ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ინტერესებს და მეგობრებს, აღვადგენთ რაკეტ-საწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის დაფინანსებას და ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოვითხოვთ.“
კონგრესსა და სენატში რესპუბლიკელების მიერ უმრავლესობის მოპოვებამ შეიძლება ის შეხედულებაც გაამყაროს, რომ პრეზიდენტი საკმარის სიმკაცრეს არ იჩენს ირანის წინააღმდეგ მისი ბირთვული პროგრამის განვითარების აღსაკვეთად.
მიუხედავად სირთულეების სიმრავლისა, საგარეო პოლიტიკას შეიძლება ისეთი დიდი დატვირთვა არ ჰქონდეს წლევანდელ არჩევნებში, როგორც ეს გასულ წლებში იყო. ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი, ტომას მანი აცხადებს:
„ჩემთვის საგულისხმოა ის, რომ შუალედური არჩევნების დროს საგარეო პოლიტიკაზე თითქმის არავინ საუბრობს. ერაყი, ავღანეთი, ირანი, ახლო აღმოსავლეთი კვლავ აქტუალურ თემებად რჩება, მაგრამ მათ წინასაარჩევნო დისკუსიებში ცენტრალური ადგილი არ აქვს.“
თუ ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს ერთ ან ორივე პალატაში, შესაძლოა მათ ადმინისტრაციას რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებაში უფრო კონსერვატული პოლიტიკის შემუშავება მოსთხოვონ.
სენატში რეპუბლიკელების მიერ უმრავლესობის მოპოვებამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს რუსეთთან ბირთვული იარაღის შემცირების ეგრეთწოდებული 'სტარტის' ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესი, რომელიც, რესპუბლიკელების აზრით, შეერთებული შტატების ბირთვულ მდგომარეობას საგრძნობლად ასუსტებს.