რას ამბობს პირველი ეგზიტპოლები ამერიკის არჩევნებზე

5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების მიხედვით, ამომრჩევლების თითქმის სამი მეოთხედი ფიქრობს, რომ ამერიკის დემოკრატია საფრთხის ქვეშაა.

“ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩევლებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები დემოკრატია და ეკონომიკაა. გამოკითხულთა დაახლოებით მესამედმა ორივე თემა გამოყო. შედარებით ნაკლებისთვის, მაგრამ მაინც, მნიშვნელოვანი საკითხები იყო: აბორტი (14%) და იმიგრაცია (11%).

გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 73% თვლის, რომ დემოკრატია საფრთხეშია და მხოლოდ 25% ფიქრობს, რომ ის დაცულია.

ეს მონაცემები ხაზს უსვამს პოლარიზაციას ქვეყანაში, რომელიც კიდევ უფრო გარღმავდა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. ტრამპი კამპანიისას ეკონომიკურ საკითხებზე და იმიგრაციაზე ფოკუსირდებოდა, მაშინ როცა ჰარისი მოუწოდებდა ამერიკელებს, გაერთიანებულიყვნენ, რათა თავიდან აეცილებინათ ტრამპის მეორე ვადა, რაც, მისი თქმით, საფრთხეს შეუქმნიდა ამერიკის დემოკრატიის ფუნდამენტს.

შედეგები შესაძლოა ღამის განმავლობაში შეიცვალოს, დამატებითი გამოკითხვების შედეგად. ამომრჩეველთა 44% ტრამპს დადებითად აფასებს, შედარებით 2020 წლის 46%-თან, როცა ის ჯო ბაიდენთან დამარცხდა. ჰარისს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 48%, შედარებით ბაიდენის 52%-თან 2020 წელს.

ამ არჩევნებზე, რომელსაც უპრეცედენტო მოვლენები უძღოდა წინ – ტრამპის წინააღმდეგ ორი მკვლელობის მცდელობა, ბაიდენის მოულოდნელი გადადგომა და ჰარისის სწრაფი დაწინაურება – ორივე კანდიდატის რეიტინგი ერთმანეთთან ძალზე ახლოსაა, მილიარდობით დოლარის დახარჯვისა და თვეების განმავლობაში მღელვარე კამპანიის შემდეგ.

ტრამპმა, რომელმაც არაერთხელ გაიმეორა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და რომლის მხარდამჭერებმაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შეტევა მიიტანეს, ხმა ფლორიდაში, პალმ-ბიჩთან ახლოს მისცა. „თუ არჩევნებში დავმარცხდები და ეს სამართლიანი არჩევნები იქნება, პირველივე ვიქნები, ვინც ამას აღიარებს,“ განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ: რა უნდა იცოდეთ აშშ-ის არჩევნების შესახებ?

ჰარისმა, რომელმაც კალიფორნიაში ფოსტით გააგზავნა თავისი ბიულეტენი, სამშაბათის ნაწილი რადიოინტერვიუებში გაატარა, სადაც მსმენელებს მოუწოდებდა ხმის მიცემისკენ. მოგვიანებით ის სტუდენტებს შეხვდა ჰოვარდის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, ისტორიულად აფრო-ამერიკელთა კოლეჯში, სადაც განათლება თვითონაც მიიღო. „იმის შესაძლებლობა, რომ დღეს ჰოვარდის უნივერსიტეტში ჩემს საყვარელ ალმა მატერში დავბრუნდე და აღვნიშნო ეს დღე, ჩემთვის სრულყოფილებაა”, განაცხადა ჰარისმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ეგზიტპოლების შედეგები აჩვენებს ქვეყნის განწყობებს, თუმცა შესაძლოა პირდაპირ არ ასახავდეს იმ შვიდი მერყევი შტატის განწყობას, რომლებიც საბოლოოდ გადაწყვეტენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს. ეგზიტპოლები აჩვენებს ამომრჩეველთა მიდგომების ცვლილებებს სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფში, როგორიცაა მამაკაცები და ქალები, ან კოლეჯის განათლების მქონე და უმაღლესი განათლების გარეშე ამომრჩევლები და აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა აქტივობა წინა არჩევნებთან შედარებით.

ასევე ნახეთ: ვინ გააკონტროლებს ამერიკის კონგრესს?

არჩევნებამდე გამოკითხვები აჩვენებდა, რომ კანდიდატები თანაბარი მხარდაჭერის დონეზე არიან შვიდ შტატში, რომლებიც, სავარაუდოდ, გადაწყვეტენ გამარჯვებულს: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი.

გამარჯვებული ისტორიას შექმნის. 60 წლის ჰარისი, პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, გახდება პირველი ქალი, შავკანიანი ქალი და სამხრეთ აზიელი ამერიკელი პრეზიდენტი. 78 წლის ტრამპი კი, პირველი პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იქნა იმპიჩმენტზე წარდგენილი და პირველი პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

არჩევნებზე, კონგრესის ორივე პალატის კონტროლიც გადამწყვეტია. რესპუბლიკელებს აშშ-ის სენატში უფრო მარტივად შეუძლიათ გამარჯვება, ხოლო იმის პროგნოზი, თუ ვინ დაიკავებს წარმომადგენელთა პალატას, რთულია.