შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საგანგებო ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც შუალედურ არჩევნებზე რუსეთის, თუ სხვა მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ინდივიდებს და ორგანიზაციებს, ჩარევის შემთხვევაში, სანქციებს უწესებს. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულება საკანონმდებლო ბარიერებს ხსნის და ნოემბრის არჩევნებზე ჩარევისთვის, გზას უხსნის ავტომატურ ჯარიმებს და სანქციებს.
კონგრესის არჩევნებამდე ზუსტად 8 კვირით ადრე გამოსული ბრძანება, საარჩევნო ინფრასტრუქტურის ბევრ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის - ხმის მიცემის აპარატებს და არჩევნების მონაცემთა ბაზას. განკარგულებაში ასევე შედის კიბერ-თავდასხმები კანდიდატებზე, თუ პოლიტიკურ ორგანიზაციებზე და მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიებიც.
თეთრი სახლი ცდილობს კრემლის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას დღემდე უარყოფს. შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოები კი საპირისპირო აზრის არიან.