ნატოს კოალიციის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატები შესაძლოა ტერორისტების გასანადგურებლად გამოიყენონ
Your browser doesn’t support HTML5
შეერთებული შტატების მიერ უპილოტო საფრენი საშუალებების გამოყენება ტერორისტების წინააღმდეგ დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. მომხრეები აცხადებენ რომ, დრონები მაღალეფექტური იარაღია. თუმცა, კრიტიკოსების თქმით დრონების გამოყენებით საერთაშორისო კანონმდებლობა ირღვევა. კვირას, ნიუ იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა საიდუმლო შეთანხმება პაკისტანსა და შეერთებულ შტატებს შორის პაკისტანის საჰაერო სივრცეში დრონების გამოყენების შესახებ.
უპილოტო საფრენ აპარატებს „ალ -ყაიდას“ წინააღმდეგ ბოლო დროს ხშირად მიმართავენ.
ახალი ამერიკის ფონდის ბოლო ანალიზის მიხედვით პაკისტანსა და იემენში 2004 წლიდან დღემდე დრონების გამოყენებას დაახლოებით 3,238 ამბოხებული მებრძოლი და 368 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა.
ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა ქრისტოფერ კოკერმა დაწერა წიგნი „ შეშლილთა ბრძოლები, ანუ როგორ ცვლის 21 საუკუნის ტექნოლოგია ომზე ფიქრს და ბრძოლის მეთოდებს“.
ქრისტოფერ კოკერი: არსებობს ექვსი ამერიკული ბაზა რომელთაგან, ოთხი შეერთებულ შტატებში, ერთი გერმანიაში და მეორე სამხრეთ კორეაში მდებარეობს. სწორედ ამ ადგილებიდან ხდება დრონების მართვა. მონიტორინგის ოთახში იმყოფებიან კაპელანები და ფსიქოლოგები, აქვთ სპეციალური მოწყობილობები რომლებიც სტრესის ხარისხს და კონცენტრაციის ამოწმებს. ბუნებრივია არსებობს ერთმანეთთან სუბორდინაციაც. პილოტები დაახლოებით რვა საათს ატარებენ დღის განმავლობაში, ისინი აკვირდებიან ეკრანს და თან დარტყმის განხორციელებაზე განკარგულებას იძლევიან.
კვირას "ნიუ იორკი თაიმსმა" პაკისტანი ამერიკული დრონების საკუთარი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეშვებაში ამხილა. პაკისტანის ხელისუფლებამ ეს ბრალდება უარყო. შეერთებული შტატების მხრიდან ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
უპილოტო საფრენი აპარატების თემამ პაკისტანის ქუჩებში საპროტესტო აქციები გამოიწვია. არიფ ნიაზი ისლამაბადში ადვოკატად მუშაობს.
არიფ ნიაზი: უპილოტო აპარატების დარტყმები რომელიც ისევ გრძელდება, არის დაუფარავი აგრესია, ქვეყანაში შეჭრა და მისი სუვერენიტეტის დარღვევა.
ვესტმინსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი მარკო როსკინი ამბობს რომ მოქმედი კანონმდებლობა დრონების გამოყენების თაობაზე საკმაოდ ბუნდოვანია.
მარკო როსკინი : არსებობს საჭიროება რათა მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, დრონებს ახლა უფრო ეფექტურად ცენტრალური სადაზვერვო სამსახური იყენებს საკუთარი ოპერაციებისთვის. ასე რომ არავინ იცის ვინ და რატომ შეყავთ გასანადგურებელ სამიზნეთა სიაში.
გასანადგურებელ ობიექტთა გადაწყვეტილება არის საკვანძო საკითხი სამხედროებსა და ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს შორის, აცხადებს ლონდონის ეკონომიკის ინსტიტუტის პროფესორი კოკერი.
ქრისტოფერ კოკერი: სამხედროებს მხოლოდ შეპყრობა შეუძლიათ იმ პირის, რომელშიც 100% არიან დარწმუნებული რომ ცუდი ადამიანია. ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისთვის საკმარისია საეჭვო იყოს მოქმედება, რის გამოც შეიძლება ის ცუდ პირად ჩათვალონ.
დრონების მომხრეებს არგუმენტად მოჰყავთ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნის განადგურება, როგორიც არის პაკისტანში გასულ წელს განხორციელებული ოპერაცია როდესაც ალ- ყაიდას ორი წევრი და აბუ ია ალ-ლიბი მოკლეს.
თებერვალში როდესაც სენატი განიხილავდა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ჯონ ბრენანის კანდიდატურას, კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, მოხდებოდა თუ არა ამერიკის მოქალაქეების განადგურებაც უპილოტო საფრენი საშუალებების მიერ, თუკი ისინი ტერორისტულ ორგანიზაციებთან იქნებოდნენ კავშირში.
ჯონ ბრენანი: ნებისმიერ ამერიკელს უნდა ესმოდეს რომ ასეთი რამის გაკეთების შემთხვევაში ამერიკის მტრის ნაწილი ხდება, და რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები მტრის გასანადგურებლად ყველაფერს გააკეთებს, რათა ამერიკელების სიცოცხლე გადაარჩინოს.
ნატოს ჯარების დიდი ნაწილი ავღანეთს 2014 წლის ბოლოსთვის დატოვებს. ანალიტიკოსების თქმით დრონებს შეუძლიათ დიდი როლი შეასრულონ ალ-ყაიდას და სხვა ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში.