პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტს ხელი მოაწერა. თავდაცვის ბიუჯეტის აქტი არიზონელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელობისაა. მაკკეინი ამერიკის საერთაშორისო ჩართულობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და რუსეთის აქტიური კრიტიკოსია. თავდაცვის აქტი მოქმედი სამხედროების რაოდენობას 15,600-ით, ხოლო სამხედროების ანაზღაურებას 2.6 პროცენტით ზრდის.
თავდაცვის ავტორიზაციის აქტი საქართველოზეც საუბრობს და თბილისისთვის ლეტალური სამხედრო იარაღით დახმარებას ითვალისწინებს.
„უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს გაეწიოს ძლიერი დახმარება, მათ შორის, თავდაცვითი ლეტალური იარაღით დახმარებით, საქართველოს თავდაცვის და მზაობის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და ნატოს ძალებთან თანხვედრის გაუმჯობესებით მიზნით", ნათქვამია დოკუმენტში საქართველოს შესახებ.
დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მიერ ნატოს ღია კარის პოლიტიკის და ალიანსში საქართველოს საბოლოო გაწევრიანების მხარდაჭერას.
„დადასტურდეს მხარდაჭრა ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი, რაც საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებას მოიცავს“, ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, თავდაცვის აქტი საუბრობს, ნატოს ეგიდით და ორმხრივ ფორმატებში შავ ზღვაში სამხედრო წვრთნების გაზრდაზე და ამბობს, რომ შესწავლილი უნდა იქნას "ნატოს და სხვა ორმხრივი წვრთების პერიოდულობის, მასშტაბის და ფარგლების გაზრდა შავ ზღვაში უკრაინის და საქართველოს მონაწილეობით“.
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ხელმოწერისას პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნული აქტი ამერიკის შეიარაღებულ ძალებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
„ამერიკა მშვიდობიანი ქვეყანაა. თუმცა, თუ ჩვენ კონფლიქტში ჩაგვითრევენ, ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა ცერემონიაზე სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც მისი ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსია, არ ახსენა, მიუხედავად იმისა, რომ აქტი მაკკეინის სახელს ატარებს.
სენატორი ჯონ მაკკეინი ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვიეტნამის ომის გმირი და სენატის შეარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა. ის იმ პრინციპების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რომელსაც აქტი ითვალისწინებს. მას ცოტა ხნის წინ ტვინის კიბო დაუდგინდა, რის შემდეგაც სენატორი არიზონაში მკურნალობას აგრძელებს.
ავტორიზაციის აქტი ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტს 16 მილიარდი დოლარით ზრდის. შედეგად ამერიკის თანამედროვე ისტორიაში, თავდაცვის ბიუჯეტი 2019 წლისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება და ის 716 მილიარდ დოლარს მიაღწევს.