აშშ კოვიდ-19-ის ვაქცინის გლობალურ ძალისხმევაში არ ჩაერთვება

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის, განვითარებისა და წარმოების გლობალურ ძალისხმევაში. აშშ-ის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ამ პროცესში წამყვანი როლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკავია.

ჯანმოს ორგანიზებით დაწყებულ საერთაშორისო პროცესში კოვიდ-19-ის ვაქცინის შესაქმნელად საჭირო მოლაპარაკებებში 170-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების პროცედურა ივლისში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია კოვიდ 19-ის პანდემიასთან გამკლავების წარუმატებლობაში და ჩინეთისადმი მიკერძოებაში დაადანაშაულა.

თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯად დირი განცხადებაში ამბობს, რომ ამერიკა განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას იმისთვის, რომ ვირუსი დაამარცხონ, მაგრამ არ იქნება შეზღუდული იმ ორგანიზაციით, რომელზეც კორუმპირებული ჯანმო და ჩინეთი ახდენენ გავლენას.