ამერიკელი კანონმდებლები ორივე პოლიტიკური პარტიიდან ეთანხმებიან მაიკლ ფლინის გადადგომას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობიდან და მოუწოდებენ პრეზიდენტს, რომ ყურადღება მიაქციოს თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობის გადანაწილებას.
რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებით, მაიკლ ფლინის გადადგომა სწორი გადაწყვეტილებაა მას შემდეგ, რაც მან ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენს დაუმალა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის ელჩთან სანქციების საკითხი განიხილა.
„ეს სწორი გადაწყვეტილებაა მას შემდეგ, რაც ფლინმა ვიცე-პრეზიდენტს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა“, - აღნიშნა მაკკეინმა.
კანონმდებლობის მიხედვით, ოფიციალური უფლებამოსილების არმქონე მოქალაქეებს არ აქვთ უფლება უცხო ქვეყნის მთავრობებთან მოლაპარაკებები აწარმოონ. მეინის შტატის დამოუკიდებელი სენატორის ანგუს კინგის თქმით, ფლინი რუსეთის ელჩს მაშინ ესაუბრა, როდესაც ობამას ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო და დონალდ ტრამპი ინაუგურაციისთვის ემზადებოდა.
„იმ დროისთვის ფლინი რიგითი მოქალაქე იყო და მას არ ქონდა უფლება ესაუბრა უცხო ქვეყნის მთავრობასთან. დროის ერთ მონაკვეთში ჩვენ მხოლოდ ერთი პრეზიდენტი გვყავს“, - ამბობს კინგი.
მაკკეინის თქმით, მას ფლინის შემთხვევის გარდა, პრეზიდენტი ტრამპის მიერ თეთრი სახლის შიდა სიტუაციის მართვა აღელვებს.
„მან [ტრამპმა] უნდა შექმნას გადაწყვეტილების მიღების სწორი სტრუქტურა. თეთრ სახლში გავლენის ბევრი ცენტრია, რასაც შეუძლია სიტუაცია გაურკვევლობისკენ და არაორგანიზებულობისკენ წაიყვანოს, რომლის მსგავსიც ჯერ ჩვენ არ გვინახავს. ნათელია, რომ მის ადმინისტრაციას არ აქვს ერთიანი ხედვა ეროვნულ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა მან.
დემოკრატი ჯეკ რიდი ჯონ მაკკეინს ეთანხმება.
„ტრამპმა უნდა შეარჩიოს მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ეს პირველი ნაბიჯია. შემდეგ, მან დაწვრილებით უნდა შეისწავლოს მისი თანამშრომლების კავშირები რუსებთან. არსებობს ბევრი მოსაზრება იმაზე, რომ მათი ურთიერთობები ცდება ჩვეულებრივ ურთიერთობებს“, - ამბობს რიდი.
ფლინის გადადგომას რუსეთთან დაკავშირებული საკითხების კიდევ ერთხელ წინ წამოწევა მოჰყვა და დასავლეთ ვირჯინიის შტატის სენატორ კონ მანჩინის თქმით, კიდევ უფრო საჭირო გახდა კონგრესის მიერ სრულყოფილი შემოწმების პროცესის ყურადღებით წარმართვა.
„ეს შემაშფოთებელი იყო, ძალიან შემაშფოთებელი. სადაც ფაქტები წაგვიყვანს, ჩვენც იქით წავალთ“, - განაცხადა მან.
წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების უმცირესობის ლიდერმა ნენსი პელოსიმ თეთრ სახლსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაჩქარებული შესწავლა მოითხოვა.