ამერიკის შუალედური არჩევნები კიბერ-თავდასხმის საფრთხის წინაშე

ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საჭიროა მეტი გაკეთდეს ამერიკის რუსული კიბერ-თავდასხმებისგან დასაცავად. ამ საკითხის გარშემო სენატის სადაზვერვო კომიტეტში მოსმენა გაიმართა.

ამერიკის შუალედური არჩევნები, რომელიც ნოემბერში გაიმართება გადაწყვეტს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია გააკონტროლებს კონგრესის ორივე პალატას. არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი, თუმცა ამერიკის ოფიციალური პირები უკვე მუშაობენ ხმის მიცემის პროცედურის და საარჩევნო ინფრასტრუქტურის საგარეო ჩარევისგან დაცვაზე.

„ვფიქრობთ საფრთხე დიდია. საჭიროა მზაობა და ჩვენ ბევრი უნდა გავაკეთოთ მთავრობის ყველა დონეზე შუალედური არჩევნების წინ“, - განაცხადა შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კირსტენ ნიელსომ სენატის სადაზვერვო კომიტეტის წინაშე წარდგომისას.

შიდა უსაფრთხოების ყოფილი მდივნის, ჯეჰ ჯონსონის თქმით, რუსეთის ქმედებები ჯერ შეკავებული არ არის.

„რუსეთის მცდელობის შეჩერება არ მომხდარა, არ მომხდარა მისი შეკავება“, - განაცხადა ჯონსონმა.

ამავე აზრზე არიან ამერიკელი კანონდებლებიც.

„ეს სასწრაფოა. თუ ჩვენ ამ პრობლემების მოგვარებას ხვალ დავიწყებთ, შეიძლება დრო არ გვეყოს სისტემის გადასარჩენად 2018 და 2020 წლის არჩევნებისთვის“, - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარდ ბარმა.

მას ეთანხმება დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი.

"მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი საარჩევნო რეგისტრაციის და ხმის მიცემის სისტემების გართულებისთვის და იმისთვის, რომ ხმის მიცემის მოწყობილობებს ქონდეთ ქაღალდის ბიულეტენების მარაგი“, - განაცხადა მან.

ფედერალური სამართალდამცავი ორგანოები ამბობენ, რომ 2016 წლის არჩევნებზე ამერიკის 21 შტატი იყო კიბერშეტევების სამიზნე. თავდასხმელებმა ერთ-ერთი მათგანის პენეტრაცია მოახდინეს. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რეალურად ბიულეტენები არ შეცვლილა, თუმცა მსგავს თავდამსხმებს მომავალში შესაძლოა უფრო სავალალო შედეგები მოყვეს.

“ჩვენ ტექნოლოგიის დეფიციტი გვაქვს, არა მხოლოდ საარჩევნო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, არამედ შტატის და ადგილობრივი მთავრობის დონეზე. ამას მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჭირდება დროთა განმავლობაში“, - განაცხადა ნიელსონმა.

ერთ-ერთი გამოწვევა ფედერალური და შტატის მთავრობებს შორის კიბერ-საფთხესთან გასამკლავებთან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაციაა. თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ დეცენტრალიზებული სისტემა უფრო ეფექტურია.

„შტატის და ადგილობრივი ავტონომია არჩევნებზე, ყველაზე დიდი შენაძენია კიბერ-შეტევების წინააღმდეგ“. - განაცხადა ჯიმ კონდოსმა, ვერმონტის შტატის სახელმწიფო მდივანმა.

თუმცა შტატების ნაწილი გეგმავს ითანამშრომლოს ვაშინგტონთან საარჩევნო სისტემის დასაცავად. .

„ჩვენი დახმარება ნებაყოფლობითია და ჩვენი წინადადება დახმარების შესახებ ყველა საარჩევნო წარმომადგენელს არ მიუღია“, - განაცხადა ნიელსონმა, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა.

კანონმდებლები ორივე პარტიიდან ტრამპის ადმინისტრაციისგან მეტის გაკეთებას ითხოვენ.

„როდესაც თქვენს ჩვენებას ვუსმენ, მე ვერ ვამჩნევ თქვენს მზაობას გადაუდებელი მოქმედებისთვის ამ საკითხის გადასაწყვეტად“. - განუცხადა რესპუბლიკელმა სუზან კოლინსმა შიდა საფრთხოების მდივანს.

დემოკრატი სენატორი უორნერი ამბობს, რომ საჭიროა პრეზიდენტმა მეტი გააკეთოს.

„ჩვენ გვინდა პრეზიდენტი, რომელიც აღიარებს საფრთხის სერიოზულობას და წარმართავს ერთიან მცდელობას ჩვენი თავდაცვის გაძლიერებისთვის და დაიცავს ჩვენს საზოგადოებას რუსეთის მავნე ჩარევისგან. ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ჩვენი საარჩევნო სისტემის უსაფრთხოება არ ახსენა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, როდესაც მან [პუტინს] წინასწარ შეთხზულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ვფიქრობ ძალზედ შემაშფოთებელია“, - განაცხადა უორნერმა.

მარტის დასაწყისში, ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის წინააღმდეგ კიბერშეტევაში მონაწილეობისთბის რუსულ ორგანიზაციებს და ინდივიდებს სანქციები დაუწესა და მიანიშნა, რომ შეიძლება დამატებითი სადამსჯელო ღონისძიებები იქნას გატარებული.