აშშ გმობს სირიაში ჟურნალისტების დაპატიმრებას

16 თებერვალს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმათა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირეს არაბული ლიგის გეგმას, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადადგომას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა სირიის შეიარაღებულმა ძალებმა დამასკოში მედიის თავისუფლების ცენტრში განახორციელეს რეიდი, რომლის დროსაც 16 ჟურნალისტი, ბლოგერი და პრესის თავისუფლების აქტივისტები დააპატიმრეს. მათ კონფისკაცია გაუკეთეს ცენტრში არსებულ დოკუმენტურ მასალას, კომპიუტერებს და სხვადასხვა მოწყობილობას.

ორი დღის შემდეგ სირიის ხელისუფლებამ რეიდის დროს დაკავებული 7 ქალბატონი გაანთავისუფლა, თუმცა 9 მამაკაცი, მათ შორის მედიის თავისუფლების ცენტრის პრეზიდენტი მაზენ დარვიში დღემდე დაპატიმრებულია.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის განცხადებით ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სირიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში, მაშინ როდესაც უცხოელ ჟურნალისტებს აკრძალული აქვთ ამ ქვეყნაში თავისუფლად მოღვაწეობის საშუალება.

მედიის თავისუფლების ცენტრი ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სირიაში ინტერნეტის მუშაობას, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და მედიის მონიტორინგს ანხორციელებდა.

გასული წლის ივლისში სირიის მედიის თავისუფლების ცენტრს გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში კონსულტატიური სტატუსი მიანიჭეს. ოქტომბერში კი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი მაზენ დარვიში როლანდ ბერგერის პრემიით დააჯილდოვეს.

გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენლის სუზან რაისის განცხადებით:“ 7 თვის წინ მე დიდი სიამაყით შევხვდი გაეროს საბჭოს გადაწყვეტილებას სირიის მედიის თავისუფლების ცენტრისთვის კონსულტატიური სტატუსის მინიჭების შესახებ. ადამიანის უფლებათა შეუპოვარი დამცველი, სირიაში დაარსებული პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გაერომ სიტყვის თავისუფლებისთვის გაწეული წვლილის გამო დააჯილდოვა. ასევე გამოირჩევა თავისი პოზიციით, ძალადობას, კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით დაუპირისპირდეს და დაიცვას სირიელი ხალხის უფლებები.

დღეს ამ ორგანიზაციის დირექტორი მაზენ დარვიში დაკავებულია სირიის უშიშროების ძალების მიერ. მასთან ერთად პატიმრობაში იმყოფება კიდევ 7 ადამიანი. ამ ხალხის დაჭერა სირიის მთავრობის ფარისევლობაზე მიუთითებს, რომელიც სიტყვით პოლიტიკურ ოპოზიციასთან დიალოგის მომხრეა, მაგრამ საქმით მათ მხოლოდ ტყვიებით უმასპინძლდება.

შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს ბატონი დარვიშის და მისი მეგობრების დაპატიმრების გამო და მათთან ერთად უკანონოდ დაკავებული ათასობით სირიელის განთავისუფლებას მოითხოვს.“ ნათქვამია გაეროში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგელის სუზან რაისის განცხადებაში.