2014 წელს გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნა ბოლო ეტაპზე გადადის

ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ 2014 წელს გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნა საბოლოო ეტაპზე გადადის. მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავს, რომელიც 2014 წლის მარტში კუალა ლუმპურიდან პეკინისკენ მიმართულებით რეისის შესრულებისას გაუჩინარდა, ამ დრომდე ეძებენ. მის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა.

საჰაერო ხომალდი, რომელმაც სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა და რადიო კავშირი გაწყვიტა, თანამედროვე ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცანაა. სატელიტებიდან მიღებული ინფორმაციით, ის სავარაუდოდ ავსტრალიის დასავლეთით, სანაპიროდან დაახლოებით 1500 კილომეტრის მანძილზე ჩამოვარდა.

კომპანიამ Ocean Infinity, რომელიც სამძებრო სამუშაოებს ატარებს, ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი გემი თვითმფრინავის ჩამოავრდნის სავარაუდო ადგილისკენ გაემართა. მალაიზიის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპანიასთან ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ მათ შორის კონტრაქტი დასრულდეს. ხელისუფლება კომპანიას სამუშაოების საფასურს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაუხდის, თუკი ის თვითმფრინავს იპოვის.

გამომძიებელთა აზრით, თვითმფრინავი შესაძლოა ვიღაცამ განზრახ ჩამოაგდო. თუმცა ამ დრომდე მისი მხოლოდ სამი ფრაგმენტია ნაპოვნი, სამივე ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე.