აშშ, ჩინეთი ვაშინგტონში სავაჭრო საკითხებს განიხილავენ

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ჩინეთის ვიცე-პრემიერს ლიუ ჰეს შეხვდება. ეს არის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ბოლო დღე, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო ომის საკითხები იქნება განხილული.

31 იანვარს დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ორმხრივი შეხვედრები კარგად მიდის და არაფერი საბოლოოდ არ გადაწყდება, სანამ „ის და მისი კარგი მეგობარი, პრეზიდენტი სი ძინპინი არ შეხვდებიან რთული ასპექტების განსახილველად.“ ლიუ ჰე, ჩინეთის მთავარი მომლაპარაკებელი ამ საკითხებში, ამ დღეებში ამერიკელ კოლეგას რობერტ ლაითაიზერს შეხვდა და ვაშინგტონის პრეტენზიები განიხილა მასთან.

ვაშინგტონის შეშფოთება უკავშირდება პეკინის მიერ ამერიკული კომპანიების იძულებას ჩინურ ფირმებს გადასცენ თავიანთი ტექნოლოგიური მიგნებები. ასევე, პეკინის მიერ ამერიკული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზრებზე წვდომის შეზღუდვას.