შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრის მთავარ თემებს შორის, ჩრდილოეთ კორეას და ვაჭრობას ასახელებს. ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი დღეს მოგვიანებით იგეგმება. “მთავარი თემები იქნება ვაჭრობა, სადაც კარგ ამბებს ველით და ჩრდილოეთ კორეა, სადაც ურთიერთობების და ნდობის შენება იწყება” - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.
სატელეფონო ზარი, სავარაუდოდ, გუშინ და დღეს გამართული უმაღლესი დონის მოლაპარაკების გაგრძელებაა. ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა ჩინეთის საპორტო ქალაქ დალიანში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ უნს მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში შეხვდება.