ვაშინგტონმა რუსეთთან თანამშრომლობისთვის ბრალი 7 ადამიანს წაუყენა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში

შეერთებულმა შტატებმა 5 რუსს და 2 წარმოშობით რუს ამერიკელს რუსეთის სამხედრო სფეროს წარმომადგენლებთან უკანონო თანამშრომლობის ბრალი წაუყენა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, მათ ამერიკული ტექნოლოგიებისა და ამუნიციის შესახებ ინფორმაცია არალეგალურად მოიპოვეს და ცდილობდნენ ის რუსეთისთვის გადაეცათ.

7 ეჭვმიტანილს მოსკოვში მოქმედ 2 კომპანიასთან კავშირში ადანაშაულებენ, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (FSB) ექვემდებარება. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის 5 დეკემბრით დათარიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მედიისთვის სამშაბათს, 13 დეკემბერს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ამერიკაში 2 და ესტონეთში მე-3 ეჭვმიტანილი დააკავეს.

საუბარია რუსულ კომპანიებზე Serniya Engineering და Sertal LLC, რომლებიც ვაშინგტონის ოფიციალური განცხადებით, "რუსეთის ფედერაციის ომის მანქანისთვის" ძალზე მნიშვნელოვანია. ბევრ სხვასთან ერთად, ეს ორი ორგანიზაცია სანქცირებულია კრემლის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული ომის ხელშეწყობისთვის.

ასევე ნახეთ: ირანელი ძმები რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

კომპანიის Serniya Engineering წარმომადგენლები ცდილობდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და რუსეთის არმიისთვის და თავდაცვის სექტორის კვლევითი ინსტიტუტებისთვის ამერიკიდან სამხედრო ტექნოლოგიების მოპოვებას. ბრალდების მიხედვით, ე.წ. "სერნიის ქსელი" ამერიკაში 2017 წლიდან მოქმედებს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სულ ახლახან, გასულ თვეში, ცდილობდა რუსეთში სნაიპერული იარაღის ტყვიების შეტანას. ამ ქსელის ქოლგის ქვეშ გლობალურად ბევრი კომპანია და ბანკი მუშაობდა, მათ შორის - ესტონეთში, ფინეთში, გერმანიაში და ჰონგ-კონგში.

"იუსტიციის დეპარტამენტის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიუღებელია დანაშაულებრივი სქემები, რომლებიც რუსეთის არმიის მიერ წარმოებული ომის გაძლიერების მცდელობას ემსახურება", - განაცხადა მერიკ გარლანდმა, ამერიკის გენერალურმა პროკურორმა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა აღკვეთა რუსეთის დაზვერვის მიერ დაგეგმილი ამუნიციისა და "მგრძნობიარე ელექტრონული კომპონენტების" რუსეთში გადატანის მცდელობა.

განმარტება ამერიკის დაზვერვის ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ქრისტოფერ ვრეიმაც გააკეთა. მისი განცხადებით, იმ ტექნოლოგიების გამოყენება, რომელთა გადატანასაც ეჭვმიტანილები ცდილობდნენ, შესაძლებელია "კვანტურ კომპიუტერებში, ჰიპერბგერით შეიარაღებაში" და სხვა სფეროებში, რაც "დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი მტრების ხელში".

Your browser doesn’t support HTML5

მართლმსაჯულება მშვიდობისთვის