აშშ პირველი მარტის მოლოდინში

ჯონ კერი აცხადებს, რომ საბიუჯეტო შეკვეცები ამერიკის ინტერესებს დააზარალებს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, პირველ მარტს ბიუჯეტის იძულებითი შეკვეცა მსოფლიოში ამერიკის მდგომარეობას ძირს გამოუთხრის, დააზარალებს ამერიკის საგარეო ინტერესებს და საინვესტიციო კერძო სექტორს. ამის შესახებ ჯონ კერიმ ვირჯინიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი არკვევდა.
მას შემდეგ რაც სახელმწიფო მდივნის პოსტი დაიკავა, ეს ჯონ კერის პირველი საჯარო გამოსვლა იყო. მან ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტებს განუცხადა, რომ საგარეო პოლიტიკაში ამერიკის „მცირე ინვესტიციები“ გლობალურ სტაბილურობას უწყობს ხელს, ასევე ამერიკულ კომპანიებს საზღვარგარეთ კონკურენციაში და მეგობრების მოპოვებაში ეხმარება.
„საგარეო დახმარება არ არის უბრალოდ გაცემა. ეს არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გაღებული ძლიერი ამერიკისთვის და თავისუფალი სამყაროსთვის. საგარეო დახმარება სხვა ქვეყნებს გაძლიერებაში ეხმარება და მათ აძლევს სურვილს, რათა საერთო საქმის კეთებაში ჩვენს გვერდით დადგნენ,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.
მისი თქმით, გლობალური ასპარეზის დათმობა ამერიკისთვის დიდი შეცდომა იქნება, რადგან გაჩენილ ვაკუუმს სხვები ძალიან მალე შეავსებენ.
„ზოგს შეუძლია თქვას, რომ ახლა ამის დრო არ არის, რადგან საბიუჯეტო პრობლემები გვაქვს, მაგრამ დამიჯერეთ მეგობრებო, ეს დაბრკობელებები უკეთეს დროს ვერ მოგვიტანს. მომავლის შეჩერების ღილაკი არ არსებობს,“ - განაცხადა კერიმ.
ამერიკის სამხედრო ძალები 1 მარტს დაგეგმილი შეკვეცისთვის უკვე ემზადებიან. ეს ე.წ. სეკვესტრი პრეზიდენტს და კონგრესის რესპუბლიკელ ლიდერებს შორის შეუთანხმებლობის შედეგი იქნება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი აცხადებს, რომ ავტომატური შეკვეცების თავიდან აცილება პრეზიდენტზეა დამოკიდებული.
„რესპუბლიკელებმა სეკვესტრის თავიდან ასარიდებლად ორჯერ მიიღეს კანონი. ამჯერად, პრეზიდენტის და დემოკრატი სენატარების დროა, რათა გვიჩვენონ სეკვესტრის არიდების გეგმა,“ - განაცხადა ბეინერმა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი რუთ ვეჯვუდი ამბობს, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი პრეზიდენტ ობამას მეორე ვადის საშინელი დასაწყისი იქნება, რაც პირველ რიგში ამერიკის სამხედრო პოლიტიკაზე და დიპლომატიაზე მოახდენს გავლენას.
ვირჯინიის უნივერსიტეტში გამოსვლისას, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ „უაზრო შეკვეცების თავიდან აცილებისთვის საპასუხისმგებლო შეთანხმებაა“ საჭირო.