ჯონ კერი უილიამ ჰეიგს ვაშინგტონში მიიღებს

მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემა სირიაში არსებული მდგომარეობა იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ვაშინგტონში ბრიტანელ კოლეგას-უილიამ ჰეიგს მიიღებს. მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემა სირიაში არსებული მდგომარეობა იქნება.
კერძოდ, დღევანდელი შეხვედრისას დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის დიპლომატიური სამსახურების ხელმძღვანელები სირიაში გარდამავალი მთავრობის დასამყარებლად განსაზორციელებელ პოტენციურ ნაბიჯებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ლონდონისა და ვაშინგტონის ინიციატივით სირიის ოპოზიციამ არა-ლეტალური დახმარება მიიღო. ამ ეტაპზე, დიდ ბრიტანეთსა და ვაშინგტონში ოპოზიციის შეიარაღების საკითხს განიხილავენ.
თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ამერიკა და მისი უცხოელი პარტნიორები სირიის სამშვიდობო კონფერენციის დაგეგმვაზე მუშაობენ, თუმცა მიმდინარე ძალადობა სირიის ოპოზიციის დასახმარებლად გზების ძიების საჭიროებას წარმოშობს.

ამ ფონზე, სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ლონდონიდან იტყობინება, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს დარღვევებს ადგილი აქვს, და რომ ქალაქ ჰათლაში სამშაბათს ღამე მთავრობის 60-მდე შეიარაღებული შიიტი მხარდამჭერი დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა. ცენტრის განცხადებით, მეამბოხეებმა აღნიშნულ შიიტურ რაიონზე კონტროლი დაამყარეს და შენობები დაწვეს. ქალაქიდან შიიტური მშვიდობიანი მოსახლეობა გარბის. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა, აღნიშული თავდასხმა დაგმო და მას მშვიდობიანი ადამიანების ხოცვა-ჟლეტა უწოდა.