შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა წინ ტექნიკის მოყვარულებისთვის კიბერორშაბათია. ამერიკაში გრანდიოზული ფასდაკლებები რამდენიმე საათში დასრულდება, მაგრამ დროებით. რამდენიმე დღეში მაღაზიების დიდი ნაწილი მყიდველს, საშობაო ფასდაკლებებს შესთავაზებს.
შავი პარასკევის ოფიციალური მონაცემები ციფრებში ამ დრომდე არ არსებობს, რადგან გაყიდვები ორშაბათსაც გაგრძელდება და თანხის ჯამური რაოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
თუმცა, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მხოლოდ ერთ დღეში, შავ პარასკევს, ამერიკელებმა 32 მილიარდი ამერიკული დოლარი დახარჯეს. ეს ციფრი გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია.
ნამდვილი შავი პარასკევი წელს მაღაზიას Barneys დაუდგა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია გაკოტრდა, აშშ-ში ქსელში არსებული ყველა მაღაზია იხურება.
კომპანიას, ამ დროისთვის, ნიუ-იორკში 7 მაღაზია აქვს. შესაბამისად, ამ ეტაპზე Barneys-ს მაღაზიებში არსებული სხვადასხვა პროდუქცია განსაკუთრებით იაფია, რადგან მაღაზია ცდილობს, უკვე არსებული სამოსი და აქსესუარები დახურვამდე გაყიდოს.
ის, რომ კომპანია Barneys-ს მაღაზიებს ხურავს, არ ნიშნავს, რომ მათი პროდუქცია აღარ გაიყიდება. როგორც ცნობილია, ისინი სრულად ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლებენ.
Barneys-ს პირველი მაღაზია ნიუ-იორკში 1923 წელს გაიხსნა. ქსელის 96-წლიანი ისტორია ახალი წლის დაწყებამდე დასრულდება.