აშშ-მ მექსიკელი ნარკო-კარტელის ლიდერის მეუღლე დააპატიმრა

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ორშაბათს დააპატიმრეს მექსიკის სინალოა ნარკოკარტელის ყოფილი ლიდერის, ჯოაკინ “ელ ჩაპო” გუზმანის მეუღლე. ის ნარკოტიკების საერთაშორისო ტრეფიკინგშია ეჭვმიტანილი.

ორი წლის წინ, 31 წლის ემა კორონელ აისპურო თავისი ქმრის სასამართლო მოსმენებს რეგულარულად ესწრებოდა. ის ვირჯინიის შტატში, დალესის აეროპორტში დააკავეს და მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს წინაშე სამშაბათს წარსდგება.

მისი დაპატიმრება, ნიუ იორკის შტატის ბრუკლინში ორი წლის წინ გამართული გახმაურებული სასამართლო პროცესიდან ორი წლის შემდეგ მოხდა. 2019 წლის ივლისში გუზმანს, რომელიც ახლა 63 წლისაა, მსჯავრი შეერთებულ შტატებში ტონობით ნარკოტიკების კონტრაბანდაში დასდეს. პროკურორებმა თქვეს, რომ გუზმანმა მკვლელობებით და მეტოქე კარტელებთან ომებით დიდი ძალაუფლება მოიპოვა. მას სიცოცხლის ბოლომდე ციხე და დამატებით 30 წელი მიესაჯა. განაჩენის გამომტანმა მოსამართლემ თქვა, რომ მსჯავრი მისი “უაღრესად ბოროტი” ქმედებების შესაბამისი იყო. ის კოლორადოს შტატიში არსებულ, “სუპერმაქსიამალური” რეჟიმის ფედერალურ ციხეში გაამწესეს.

ასევე ნახეთ: შონ პენი ძებნილ მექსიკელ ნარკობარონს შეხვდა

კორონელს ბრალად, შეერთებულ შტატებში ჰეროინის, კოკაინის, მარიხუანას და მეტამფეტამინის უკანონოდ შემოტანის და გავრცელების განზრახვა დასდეს.

პროკურორებმა თქვეს, რომ კორონელი მისი ქმრის ციხიდან გაქცევის ხელშეწყობაშიც მონაწილეობდა, როდესაც 2015 წლის ივლისში, გუზმანი მექსიკის ალტიპლანო ციხის საკნიდან, კილომეტრნახევრიანი გვირაბით გაიქცა. მან მეორე გაქცევის დაგეგმვაც დაიწყო, როდესაც მექსიკის ხელისუფლებამ გუზმანი 2016 წლის იანვარში დააპატიმრა.

სინალოას ავტონომიური უნივერსიტეტის უსაფრთხოების საკითხების მკვლევარმა თომას გუევარამ თქვა, რომ შესაძლოა კორონელის დაპატიმრება “წნეხის სტრატეგიის” ნაწილი იყოს, რომლითაც გუზმანის თანამშრომლობის მიღება სურთ.

მექსიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც კორონელის საქმეს იცნობს, ანონიმურობის პირობით თქვა, რომ მისი დაპატიმრება, როგორც ჩანს, მხოლოდ შეერთებული შტატების ინიციატივაა და კორონელი მექსიკაში ძებნილი არ იყო.