"აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია" - განცხადება გიგი უგულავას დაკავების შესახებ

"აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ, გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს," ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, გიგი უგულავას დაკავებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 თებერვალს განვითარებული მოვლენები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.

"აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს. აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.

დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად," ნათქვამია განცხადებაში.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დაკავებას უკვე გამოეხმაურნენ ვაშინგტონშიც. განცხადებები სენატორმა ჯიმ რიშმა და კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა მისი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაავრცელეს.