ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, რაც მისი თქმით, ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს ეწინააღმდეგება. განცხადება ამერიკის ელჩმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.
"აშკარაა, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოსა და დასავლეთს, საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერი პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. ეს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ეწინააღმდეგება, რომლებმაც ძალიან ნათლად და არაერთგზის აირჩიეს ევროპული მომავალი", - განაცხადა დეგნანმა.
მისივე თქმით, ქართველ ხალხს ევროპული მომავალი, ძლიერი დემოკრატია, წარმატებული და დივერსიფიცირებული ეკონომიკა სურს, რომელიც რუსეთზე არ არის დამოკიდებული. დეგნანი ასევე დასძენს, რომ ამ მიმართულებით საქართველომ პროგრესს მიაღწია.
"ახლა არის მომენტი, როცა ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ საქართველო რუსეთზე იყოს დამოკიდებული ვაჭრობაში, უსაფრთხოებაში, ნებისმიერ რამეში. საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები, ისევე როგორც ჩვენ ყველას. ისინი, ვინც საქართველოს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან ძლიერი მეგობრობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მათ ქართველი ხალხისგან უნდა გაიგონ, რომ ეს მისაღები არ არის", - თქვა დეგნანმა.
შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ასევე ეხმიანება საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". დეგნანი აცხადებს, რომ ის რუსული კანონის ანალოგია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონთან კავშირი არ აქვს.
დეგნანის თქმით, ეს კანონპროექტი ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან საქართველოში მოქმედ დონორებს ანგარიშგების ძალიან დეტალური სისტემა აქვთ. USAID ყოველ სამ თვეში ერთხელ დეტალურ ანგარიშს წარუდგეს პარლამენტს, შემდეგ კი საგადასახადო სამსახურს. შესაბამისად, ელჩი გამჭვირვალობის კუთხით პრობლემას ვერ ხედავს.
"რაც შეეხება ამერიკულ კანონმდებლობას, ამერიკაში მოქმედი კანონი ლობისტებს და იურიდიულ ფირმებს ეხება, რომლებიც სხვა ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენენ აშშ-ში. შესაბამისად, ეს არ არის ამერიკული კანონი. რუსული კანონია, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავრდოულად ხელი შეუშალოს ქართველებს საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ", - განაცხადა დეგნანმა.
აშშ-ის ელჩის თქმით, ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის ორგანიზაციებს იურიდიული დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს, რასაც ისინი წლებია ახორციელებენ.
"მაგალითად, ეს კანონი ხელს შეუშლის ორგანიზაციებს, რომლებიც შშმ პირებს ეხმარებიან სხვადასხვა საკითხში. ხელს შეუშლის ასევე სამედიცინო კვლევებს, რომლებიც დონორების დახმარებით ხორციელება. ხელს შეუშლის ტურიზმის, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერებს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებასა თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე მუშაობენ. სია ნამდვილად ძალიან გრძელია. საუბარია იმაზე, საჭიროა კი ეს კანონმდებლობა, როცა ისედაც გამჭვირვალეა, ნათელია და არსებობს ძალიან დიდი ნდობა და კომუნიკაცია დონორ საზოგადოებასა და საქართველოს შორის", - განაცხადა დეგნანმა.
- ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა)
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა)