აშშ-ის საელჩო გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს - ასე გამოეხმაურა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ოთხშაბათს დილით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას.
„საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება,“ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპუტატი თარგამაძე და მისი მძღოლი სამშაბათს საღამოს თბილისის ცენტრში მათი მანქანის აფეთქებას გადაურჩნენ; შემთხვევის ადგილას ოთხი გამვლელი დაშავდა. პოლიციამ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.