ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დოჰაში თალიბანის ოფისის გახსნას აპროტესტებს
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უახლოეს დღეებში ყატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბანთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებაა მოსალოდნელი. დოჰაში მოლაპარაკების პროცესი თალიბანის წარმომადგენლებსა და შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს შორის ხუთშაბათს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა ამ მოლაპარაკებას მხარს არ უჭერს. ჰამიდ კარზაიმ გააპროტესტა ყატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბანის ოფისის გახსნა, რომელსაც „ავღანეთის ისლამური ემირატის წარმომადგენლობა“ ეწოდა და რომლის თავზეც ემირატის დროშა აღმართეს. თუმცა როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, თალიბანის ოფისის სახელწოდება შეიცვალა და ახლა მას „ავღანეთის თალიბანის პოლიტიკური ოფისი“ ეწოდება. ამ ფაქტს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ „პოზიტიური“ უწოდა.