თბილისში 200 000 000 დოლარის ღირებულების ურანი ამოიღეს

ურან 238-ი სუს-მა მუხტარ ცქიტიშვილის ბინიდან ამოიღო

კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის აგენტებმა თბილისის ცენტრში, ერთ-ერთი ბინიდან, კონტრაბანდული ურან-238 (U 238) ამოიღეს, რომლის გასხვისებას სომხეთის სამი მოქალაქე - 200 მილიონ ამერიკულ დოლარად გეგმავდა.

უკანონო ბირთვული მასალა საქართველოს დედაქალაქში სომხეთიდან, სამმა პიროვნებამ: მირან მოვსესიანმა, აშოთ გოროიანმა და ჰაიკაზ ჰოვაკიანმა 14 აპრილს, ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერით შემოიტანეს. სომხეთის მოქალაქეებმა სახიფათო ტვირთი თბილისში, სპორტის სასახლის უკან, ერთ-ერთ ქუჩაზე, თამაზ ბიჩიკაშვილისა და სავლე ლურსმანაშვილის დახმარებით მიიტანეს.

საცხოვრებელი ბინა, სადაც ურან 238 შეინახეს, საქართველოს მოქალაქეს, 1942 წელს დაბადებულ მუხტარ მოსეს ძე ცქიტიშვილს (ფოტოზე) ეკუთნის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) ყველა პირი იმავე დღეს დააკავა. 16 აპრილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე დაკავებულს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მუხტარ ცქიტიშვილის ადვოკატმა დავით აბესაძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ არც მისი კლიენტი და არც მძღოლები ბრალს არ აღიარებენ. ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ დაკავებული სომხეთის მოქალაქეები:

„სამი სომხეთის მოქალაქეა, ჩემი კლიენტი და კიდევ ორი საქართველოს მოქალაქე დაკავებული. ორი პირის გარდა, რომლებიც იძახიან რომ ტაქსის მძღოლები არიან, ერთი სომეხი და ერთი ქართველი, ყველა დანარჩენი დაკავებული არის ხანდაზმული, 74-75 წლის ადამიანი.

და, როგორ მოხვდა თქვენს კლიენტთან, ეს კონტეინერი ურანით?

ამას ჯერჯერობით, არ ამბობენ. დასადგენია საიდან მოხვდა და რა გზით. ფაქტია, რომ ხელით და ჯიბით არ წამოუღიათ სასომხეთიდან. იმ დღეს, მიიტანეს ჩემი კლიენტის ბინაში და იქ იქნა ყველა დაკავებული.“

ქუთაისში დაბადებული 74 წლის მუხტარ ცქიტიშვილი პენსიონერია. იგი ორი კომპანიის „მუხოსა“ და „საქაზის“ დირექტორი და თანადამფუძნებელია. საინტერესოა, რომ კომპანია „საქაზში“, სადაც ცქიტიშვილი 25 პროცენტიან წილს ფლობს, მისი ერთ-ერთ პარტნიორი, აზერბაიჯანის მოქალაქე ვაჰიდ აგჰაჯანოვია. ამ კომპანიების საქმიანობის საგნად ოფიციალურ დოკუმენტებში: მშენებლობის, იმპორტ-ექსპორტისა და ტრანსპორტის სფეროებია მითითებული.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სომხეთიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით ურანი შემოდის. 2010 წლის მარტში, თბილისში სომხეთის ორი მოქალაქე ტონოიანი და ოჰანიანი 18 გრამ, გამდიდრებულ ურანს 1 500 000 დოლარად ყიდდა, რა დროსაც, ისინი დააკავეს.

2003 წელს, სადახლოში სომხეთის მოქალაქე დადაიანი 173 გრამი ურანის გაყიდვის მცდელობისას აიყვანეს. 2001 წელს კი 300 გრამი ურანით ხელში, აჭარაში, სომხეთის მოქალაქე კაზარიანი დააპატიმრეს.

როგორც ადრე, ახლაც ურანის სომეხი კონტრაბანდისტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ტრადიციულ მახეში გაებნენ. ურანის პოტენციური მყიდველი „ახლო აღმოსავლეთის ქვეყნიდან“, რომელმაც მათ თბილისში შეხვედრა დაუთქვა,სინამდვილეში სუს-ის აგენტი იყო. სუს-ის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი სავლე მოთიაშვილი ამბობს:

„ეს პირები ურანის გასხვისებას თბილისში 200 მილიონ დოლარად აპირებდნენ. რადიოაქტიური გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.“

ურანის საქმის გამოძიება სომხეთისა და საქართველოს ექვსი მოქალაქის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბირთვული მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი ან ვაჭრობა საქართველოში ხუთიდან ათ წლამდე ციხით ისჯება.

საინტერესოა, რომ როგორც საქართველო-სომხეთის, ისევე, აზერბაიჯანისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ამერიკის მთავრობის დახმარებით, რადიოაქტიური ნივთიერების აღმომჩენი, ძვირადღირებული კონტროლის სისტემები - პორტატული რადიაციული მონიტორებია დამონტაჟებული. თუმცა ამჯერად, სენსორებმა კონტრაბანდული ურანის დაფიქსირება ვერ შეძლეს.