საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატები ამბობენ, რომ გასულ ღამეს მისი ჯანმრტელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, როდესაც ერთ-ერთი საციცხოლო მაჩვენებელი საშიშ ნიშნულამდე დაეცა და ექიმების ჩარევა გახდა საჭირო.
„ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციაში და დასკვნაში თქვა, რომ ახლა სააკაშვილი შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და დღის წესრიგში დადგება სამედიცინო სერვისის გაწევა“, - უთხრა ჟურნალისტებს დიმიტრი საძაგლიშვილმა, სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში მკურნალობასთან დაკავშირებით.
„იუსტიციის სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებენ სააკაშვილი გადაიყვანონ კერძო კლინიკაში და თითქოს რაღაც საუბარი იმაზე, რომ კერძო კლინიკაში უნდა მომხდარიყო ჰოსპიტალიზება კონსილიუმის მხრიდან არ ყოფილა, ეს არის ტყუილი.
ასევე ნახეთ: ვიმბუში: სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არისკონსილიუმმა, რომელიც საქართველოს მთავრობის ქოლგის ქვეშ შეიქმნა, მათ შორის შემადგენლობა ჯანდაცვის სამინისტროსგან იქნა დაკომპლექტებული, საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მაგნიტო რეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და დუპლექს სკანირების გაკეთება. ამის შემდეგ ვნახეთ სახალხო დამცველის შეფასება, რომლის წარმომადგენლობამ შეამოწმა მე-18 დაწესებულება და დადეს დასკვნა. პრინციპში ამას იუსტიციის სამინისტროც არ უარყოფს, რომ მე-18 დაწესებულებაში არ არის შესაძლებელი მაგნიტო რეზონანსული კვლევის და კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის გაკეთება. შესაბამისად, აშკარაა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას იმ პირობებში, როდესაც გვახსოვს ბრეგაძის განცხადება, როდესაც კონსილიუმი შეიქმნა და თქვა, რომ მათ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით შეასრულებდნენ", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
სააკაშვილის შიმშილობასთან და ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ზაალ უდუმაშვილმაც და მან ამ ყველაფერს "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა" უწოდა.
"პრემიერ- მინისტრის განცხადებებს რომ ვუსმენ, ეჭვი მეპარება მის ადეკვატურობაში ამ არჩევნების წინ", - თქვა „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა.
ასევე ნახეთ: ბრაიზა: ჩიხიდან გამოსავალი შესაძლოა სააკაშვილის ხელახალი, საერთაშორისოდ აღიარებული სამართლიანი სასამართლო იყოსდღის განმავლობაში სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ საპატიმროში სააკაშვილის მკურნალობისთვის აუცილებელი ყველანაირი პირობაა და რომ "მას კარგად მიხედავენ".
„მინდა მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის, თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი? - არ შეიძლება! ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი 30 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ. როგორ შეიძლება ასე რომ ვსაუბრობთ. თქვენთვის, ხალხისთვისაა ცუდი და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ. გუშინ იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა მასალა, ვაჩვენეთ საზოგადოებას, თქვენც, ყველას თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში. იქ არის მოწყობილი ყველანაირი პირობა, რაც არ იყო ისიც დაამატეს. ყველა საჭირო აპარატურაა ადგილზე მობილიზებული და რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, სრულ მობილიზებას გავუკეთებთ. ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. გარწმუნებთ, რომ პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ!“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ კი ხაზი იმას გაუსვა, რომ სააკაშვილი მედიკამენტოზური ჩარევის გარდა, საკვებსაც იღებს.
„რაც შეეხება შიმშილობას, როდესაც ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, როგორც სააკაშვილი ამას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსალოდნელია გარკვეული უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ გადასხმა გაკეთდა, მაგალითად არის გარკვეული საკვების მიღების პრეცედენტები, ამას, ბუნებრივია, ყველა უნდა დააკვირდეს და რაღაც "კლოუნადის" დადგმის საშუალება ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ.
ასევე ნახეთ: გობლი: „ერთადერთი ქართველი, რომელზეც დასავლეთში სტალინის გარდა იციან, სააკაშვილია“თაფლის მიღებაზე გავრცელდა ინფორმაცია, სხვა ინფორმაციებიც არსებობს, თუმცა მე, ბუნებრივია, ყურმოკვრით გაგონილი ინფორმაციების შესახებ აქ ვერ ვისაუბრებ. თუ ჩათვლის საჭიროდ იუსტიციის სამინისტრო განცხადების გაკეთებას, ისინი ამაზე განცხადებას გააკეთებენ“, - თქვა კობახიძემ.
პარალელურად ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისი სამინიტრო გაითვალისწინებს სახალხო დამცველის დასკვნას და ხელმეორედ შეამოწმებს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებას.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, იმ საპატიმროში, სადაც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება, არ არის იმის საშუალება, რომ გარკვეული სამედიცინო ტესტირება ჩატარდეს.
"თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ინტერესი თანაბრად იყოს დაცული“, - განაცხადა ტიკარაძემ.