ოკუპირებული რეგიონები - შეფასებებსა და ანგარიშებში

ზარდიანთკარი, სახლი საოკუპაციო ხაზთან

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ და ვერკონტროლირებულ ნაწილებს ერთმანეთისგან რუსების მიერ გავლებული ხაზი ჰყოფს. ეს ხაზი ზოგ ადგილას ლითონის ღობეს წარმოადგენს, ზოგგან ეკლიან მავთულხლართს, „ხანძარსაწინააღმდეგო“ ხნულს... ზოგიერთ ადგილას არანაირი აღნიშვნა არაა და ოკუპაციის ვირტუალური ხაზია, რომელიც ადამიანმა არ უნდა გადაკვეთოს, თუ ცხინვალის ციხეში მოხვედრა არ უნდა.

ამგვარ გარემოში ცხოვრობს ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა. ვირტუალური და არავირტუალური „საზღვრების“ პირისპირ იზრდება თაობები. თუმცა არის ერთგვარი „მუდმივობებიც“, რაც არ იცვლება, პირიქით - რჩება და ღრმავდება.ესაა პრობლემები, რაც უკავშირდება საცხოვრებელ პირობებს, გადაადგილების უფლებას, ხელმისაწვდომობას სასმელ და სარწყავ წყალზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიშში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, მოკვლეულია გორის, ქარელის, კასპის მუნიციპალიტეტების 18 სოფელში არსებული მდგომარეობა.

ალექსი მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის მონაწილე, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ოკუპაციის გამო, ყოფით დონეზე პრობლემები მრავლადაა. მოქალაქეები, ვინც დაკარგა მიწა, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ და მისი ჩანაცვლება დღემდე ვერაფრით მოახერხეს.

Your browser doesn’t support HTML5

ალექსი მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი

სახელმწიფოს შეუძლია, რომ უფრო მეტად დაეხმაროს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, თუმცა გულგრილობის, თუ არაკომპეტენტურობის გამო, არაერთი საკითხი გადაუჭრელი რჩება წლების განმავლობაში. ასეთია, მაგალითად, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, რომელიც დღემდე მოუგვარებელია. თუმცა ეს ერთადერთი საკითხი არაა, პრობლემების ნუსხაში.

„არის უსაფრთხოების პრობლემები. ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან მისულ მოქალაქეებს აკავებენ, იტაცებენ და გადაჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გარდა ამისა, გადაადგილების პრობლემაა ჩვენს მხარესაც. როდესაც ჩვენ გვინდა, ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლა, ქართულ სააგუშაგოებზე გვაყოვნებენ. უსაფრთხოების სამსახური და შსს გვთხოვს, ყველა დეტალის გასაჯაროებას იმის თაობაზე, თუ ვისთან მივდივართ და რა მიზნით. ამას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არ არსებობს, წესი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებდა. დე-ფაქტოა დადგენილი პროცედურები, რაც, ვფიქრობთ, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ამ საკითხზე სამინისტროსთან, თუმცა მათ ვერავითარი კონკრეტული წესი ვერ დაასახელეს იმის ასახსნელად, თუ რატომ გვეშლება ხელი აქ გადაადგილებაში. გარდა ამისა, როდესაც შევდივარ პოლიციის მანქანა უკან დაგვყვება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს იმაზე, რომ ადგილობრივებმა ღიად და თავისუფლად ისაუბრონ მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე,“- გვეუბნება ალექსი მერებაშვილი.

წლიური მოხსენებით, რაც ოკუპაციის ხაზთან არსებულ მდგომარეობასაც მოიცავდა, 20 ოქტომბერს პარლამენტის წინაშე სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც წარსდგა. პარლამენტის წევრმა, ნატო ჩხეიძემ მას ჰკითხა იმ ოჯახების თაობაზე, რომელსაც იოსელიანი პირადად შეხვდა ცოტა ხნის წინ და ვისგანაც განცხადებები მიიღო წარმოებაში. საკითხი გორის მუნიციპალიტეტის ზარდიანთკარს ეხება. ეს ერთადერთი სოფელია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოს კონტროლირებულ სივრცეში გადმოვიდა, თუმცა იქ მცხოვრები 23 ოჯახისთვის სახლების აღდგენა ჯერაც პროცესშია. მას შემდეგ, რაც ამ პრობლემის მოგვარება პრემიერმა ღარიბაშვილმა პირადად დაანონსა, თითქმის ორი წელი გავიდა. ზარდიანთკარელებისთვის სახლების აღდგენა დაიწყო, თუმცა იმ სახლდამწვარ 4 ოჯახს, ვინც 2008 წელს 15 ათასი ლარი აიღო დამწვარი სახლის საკომპენსაციოდ, ახლა დახმარებაზე უარს ეუბნებიან.

Your browser doesn’t support HTML5

ნატო ჩხეიძე, პარლამენტის წევრი

„იქ მცხოვრები ხალხი სხვა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მაცხოვრებლების მსგავსად, გმირი ხალხია, რადგან გამუდმებული შიშიანობის გარემოში უწევთ ცხოვრება, კაცმა რომ არ იცის, როდის გაიტაცებენ და საიდან. სამოქალაქო საზოგადოების , ჟურნალისტების ჩართულობის შედეგად ამ სოფლის დაბომბილი და განადგურებული სახლების აღდგენა დაიწყო ხელისუფლებამ , თუმცა არ აღადგინა დაზარალებული ოთხი ოჯახის საცხოვრებელი. ესენი არიან: გიორგი გაბლიშვილი, ილია გაბლიშვილი, თინა ტერაშვილი, გელა გაბლიშვილი. ყველა მათგანის განცხადება არის შესული სახალხო დამცველთან, ანუ თქვენთან, და ითხოვენ შუამდგომლობას ხელისუფლებასთან. სახალხო დამცველმა გადააგზავნა ეს შუამდგომლობა მუნიციპალიტეტში, იქიდან გადაიგზავნა გამგებელთან, გამგებელი ცენტრის გარეშე რისი გამკეთებელია კი იცით და ასე ტრიალებს ბორბალი. ზარდიანთკარში თქვენც ბრძანდებოდით ჩასული მოსახლეობასთან შესახვედრად, მაგრამ არ თუ ვეღარ მოინახულეთ ზუსტად ეს ოთხი დაზარალებული ოჯახები და მათი დამწვარი სახლები. განა რა გახდა სახელმწიფოსთვის , მით უფრო ამ გაზრდილი ეკონომიკისა და დამატებითი შემოსავლების პირობებში რომ დაეხმაროს ამ ოთხ ოჯახებს ახლა და არ გაუხსენოს სხვა დროისა და სხვა ფორმატის დახმარებები.,“- განაცხადა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში.

სახალხო დამცველმა, საპასუხო გამოსვლაში, თქვა, რომ იკვლევენ საკითხს, რამდენად შეიძლება მოიძიოს სხვა ანალოგია, როდესაც ოკუპაციისგან დაზარალებულ ადამიანს კომპენსაცია აღებული ჰქონდა და თან საცხოვრებელი სახლის აღდგენაზეც მიიღო სახელმწიფოს დახმარება. თუ ასეთი „ქეისი“ გამოიძებნება, მაშინ ამ ოთხი სახლდამწვარი ოჯახისთვისაც „სამართლიანად“ ჩაითვლება, რომ სახელმწიფომ ომისგან განადგურებული სახლი შეურემონტოს. მანამდე კი საკითხი ღიაა, „მერწმუნეთ, არ ვაკლებ ძალისხმევას, რომ საზღვრის პირა გამყოფ.. ჩვენი მოქალაქეების საკითხები მთავრობასთან მივიტანო,“- განაცხადა იოსელიანმა, თუმცა შემდეგ, ამ წამოცდომისთვის - სიტყვა „საზღვრის პირას“ გამოყენებისთვის, „ეგრეთ წოდებული საზღვრის პირას“ ნაცვლად, კიდევ შენიშვნის მიღება და მოდიშის მოხდა მოუწია.

Your browser doesn’t support HTML5

ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი

გასულ კვირას, პარლამენტში თავისი ანგარიში წარმოადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ომის გამო, ოკუპირებული ტერიტორიაზე, უკანონოდ განთავსებული ბაზებიდან, 2022 წელს, სამხედროების 50 პროცენტი გავიდა. თუმცა ამას ადგილზე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოუხდენია.

„საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ შედიოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ანექსიური პროცესები გრძელდებოდა. ადგილზე აქტიური იყო უძრავი ქონების საკითხი, 19 იანვრის, ეგრეთ წოდებული შეთანხმების გამო, რაც ბიჭვინთის აგარაკების უსასყიდლოდ გადაცემას უკავშირება რუსეთისთვის,“- განაცხადა ლილუაშვილმა და დასძინა, რომ უსაფრთხოების სამსახური ამას ანექსიური პროცესების ჭრილში განიხილავს. მან ისაუბრა აფხაზეთის ენერგოსექტორში რუსი ინვესტორების მოზიდვისა და ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებაც,

ოფიციალური ცნობებით, 2022 წელს რუსეთმა 77,5 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა აფხაზეთის ხელისუფლება, რაც ბიუჯეტის 42 პროცენტს შეადგენს, 96,7 მილიონი დოლარი კი ჩარიცხა ცხინვალში (რაც ბიუჯეტის 81 პროცენტია).

საანგარიშო პერიოდში, 2022 წელს უსაფრთხოების სამსახური საუბრობს აფხაზეთის მიმართულებით 13 დაკავებული პირისა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული 44 მოქალაქის შესახებ. ლილუაშვილმა განაცხადა, რომ გასულ წელს, ცხინვალის მიმართულებით ბორდერიზაციის 69, აფხაზეთისკენ კი 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საოკუპაციო ძალა, აფხაზეთში, შიდა პრობლემების გადაფარვას, საქართველოდან მომდინარე საფრთხეებით ცდილობდა. ამავე დასკვნის თანახმად, ახალი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევას, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, არანაირი ცვლილება არ მოუტანია პოლიტიკური თვალსაზრისით.

Your browser doesn’t support HTML5

გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურის ხელმძღვანელი

ოკუპაციის ხაზთან, მოქალაქეები, ვინც მამა-პაპეულ მიწაზე ცხოვრობს, კერძო საკუთრებას, უმეტესწილად, ოფიციალური რეგისტრაციის ფლობენ. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების დარეგისტრირება ფასიანი სერვისია, რისთვის საჭირო სახსრების მოძიება სოციალურად მძიმე პირობებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ხშირად, „სამერმისოდ“ გადადებული საქმეა.

სახელმწიფომ კარგა ხანია, გამოაცხადა შეთავაზების თაობაზე, რომლის მიხედვით, სოფლებში მცხოვრებთ მიწის რეგისტრაცია უფასოდ ეკუთვნით. გაიწერა სოფლებისა და რეგიონების ჩამონათვალი და სავარაუდო თარიღებიც, თუმცა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები, ამ მხრივ, სულაც არ აღმოჩნდნენ პრიორიტეტულ მდგომარეობაში. არადა, ბორდერიზაციის პირობებში, როდესაც სულ უფრო მეტ მიწის ნაკვეთს თვითნებურად იტაცებენ რუსი მესაზღრეები, ოკუპაციის ხაზთან არსებული მიწის ფართების რეგისტრაცია გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

საერთაშორისო სასამართლოებში, რეგისტრაციის საბუთია ის მტკიცებულება რომელიც ხშირად, მოქალაქეებს არ აქვთ, რადგან მათ, თავის დროზე, უსახსრობიდან გამომდინარე, კუთვნილი მიწის ფართი ვერ გაიფორმეს ოფიციალურად.

ალექსი მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ხშირად, ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან მისვლაზე უარს მიწის ამზომველებიც კი ამბობენ, რადგან მომეტებულ საფრთხეს ხედავენ, გადაადგილების მხრივ. ეს საკითხი კი რუსების სასარგებლოდ ტრიალდება, რადგან საჯარო რეესტრში საოკუპაციო ხაზთან არსებული მიწები არაა ასახული და აზომილი. ალექსი მერებაშვილს, იურიდიულ პრაქტიკაში ისეთი საქმეებიც აქვს, როდესაც პირიქით, საჯარო რეესტრი უარს ეუბნებოდა მოქალაქეს მიწის დარეგისტრირებაზე, რადგან ის ოკუპაციის ხაზთან მდებარეობდა. „ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო, მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ჯერ კიდევ არაა ოკუპირებული, უკვე ოკუპირებულად მიიჩნევს,“- გვეუბნება ალექსი მერებაშვილი. მისი თქმით, ამგვარი ქეისები არც ახლა იქნება გამოსარიცხი, თუმცა ამ ეტაპზე, ოკუპაციის ხაზთან არსებული მიწების რეგისტრაციის არაპრიორეტეტულობას იურისტი იმით ხსნის, რომ ხელისუფლება საკითხს წინასაარჩევნოდ ინახავს.