სირიის ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით, გაერო ისტორიაში ყველაზე დიდი ინიციატივით გამოვიდა
Your browser doesn’t support HTML5
2013 წლის ბოლომდე სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება სირიაში სულ ცოტა 10 მილიონ ადამიანს დასჭირდება - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ეს სირიის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ამასთან დაკავშირებით გაერო ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც აქამდე არნახულ, 4.4-მილიარდიან საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს.
განცხადება რეკორდული მოცულობის დახმარების აუცილებლობის შესახებ ჟენევაში გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორმა, ვალერი ამოსმა გააკეთა.
“ვიმედოვნებდით, რომ ამის ხელახალი საჭიროება აღარ გაჩნდებოდა. მაგრამ დღეს 2013 წლისთვის 4.4 მილიარდი დოლარის მოთხოვნა გვიწევს. ეს დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით უზარმაზარი თანხაა. 16 ქვეყნითვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების ნახევარს აღემატება, ავღანეთიდან დაწყებული, სომალით დამთავრებული“ - აღნიშნავს გაეროს წარმომადგენელი.
უნისეფი, გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს, რომ სირიელი მოზარდების უმეტესი ნაწილი შესაძლოა ე.წ. „დაკარგული თაობა“ გახდეს. ბავშვები იძულებული არიან შოკისმომგვრელი ძალადობის მოწმე გახდნენ და ხშირად საკუთარი ოჯახის წევრების დაღუპვის ფაქტებს თავის თვალით ხედავენ. ბავშვების ნაწილი, ვინც აქტიურ საომარ მოქმედებებს ცოცხალი გადაურჩა, მეზობელი ქვეყნების დევნილთა ბანაკებს აფარებენ თავს. ბანაკები კი როგორც წესი გადატვირთულია და ლტოლვილთა ნაკადებს ვერ აუდის.
10 წლის ალაა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ქალაქ ყამიშლიდან არის. ის თავს ერაყის ერთ-ერთ დევნილთა ბანაკს აფარებს.
“როცა ქარია, კარავშიც უბერავს და გგონია, რომ თავზე დაგეცემა. წვიმა თუა, შიგნითაც წყალდიდობაა“ - ამბობს ბავშვი.
ანტონიო გუტიერესი, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი გაეროში აღნიშნავს, რომ დევნილთა რაოდენობა წლის ბოლომდე 3.5 მილიონს მიაღწევს.
„სირიის გარშემო მდებარე ქვეყნებში 1.6 მილიონი დევნილი გვყავს. მაგრამ ყოველთვიურად ამ რიცხვს სულ მცირე 200 ათასი ადამიანი ემატება, დღეში საშუალოდ - 7 ათასი. ჩვენი ვარაუდით, ლტოლვილთა რაოდენობა წლის ბოლომდე 3.5 მილიონს გაუტოლდება“ - აცხადებს გაეროს კომისარი.
ძალადობამ სირია-ისრაელის საზღვარს მიაღწია და გოლანის მაღლობზე განლაგებული გაეროს სამშვიდობოებიც კი საფრთხეში აღმოჩნდნენ. ისრაელმა 1967 წელს სირიის ამ ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. ავსტრიას, უსაფრთხოების მიზნით, გოლანის მაღლობიდან სამშვიდობოები გამოჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაეროს ათასკაციანი შემადგენლობა მესამედზე მეტით შემცირდება.
ანალიტიკოსი შანშანკ ჯოში თვლის, რომ თუკი გაეროს მისია გოლანის მაღლობს დატოვებს, ამით ისრაელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნება. გაერთიანებული სამეფო სამსახურის ექსპერტი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ გოლანის მაღლობი შესაძლოა ჯიჰადისტების პლატფორმა გახდეს, რაც ისრაელზე მომავალში ძალადობის გავრცელების საფრთხეს ქმნის.
ლიბანის არმიაც შიშობს, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი მათ ტერიტორიაზეც გადაინაცვლებს. ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტრიპოლიში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს და მის ოპონენტებს შორის შეტაკებები უკვე მოხდა. გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კონფლიქტის სხვა ქვეყნებში გავრცელების შემთხვევაში, ჰუმანიტარული კრიზისის მასშტაბიც კატასტროფულად გაიზრდება.