გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ კარს მიღმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელა

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდეს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და წინაპირობების გარეშე დაიწყონ მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე. ამით, გაეროს გავლენიანმა რგოლმა მხარი დაუჭირა გენერალური მდივნის მოწოდებას, რომელმაც ცოტა ხნის წინ მხარეებს დაძაბულობის დეესკალაცია და დაპირისპირების შეწყვეტა სთხოვა.

დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესტონეთმა და ბელგიამ მოითხოვეს. გაერომ აქვე მხარი დაუჭირა კონფლიქტში ეუთოს (ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ცენტრალურ როლს და მხარეებს ამ უწყებასთან თანამშრომლობა სთხოვა.

ასევე ნახეთ: საქართველოს ინიციატივა აზერბაიჯანს და სომხეთს შორის დიალოგის მასპინძლობის თაობაზე

გერმანიის ელჩმა გაეროში გიუნტერ სოტერმა მეზობელ ქვეყნებს მოუწოდა მიმდინარე პროცესებში კონსტრუქციული როლი შეასრულონ და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება გაამწვავოს მდგომარეობა.