რეპორტაჟი ნიუ-იორკიდან: მიხეილ სააკაშვილი გაეროში

ნიუ-იორკში პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ვიზიტის დეტალებზე და გეგმებზე ისაუბრა.

Your browser doesn’t support HTML5

ინტერვიუ


სიუჟეტი "ამერიკის ხმის" კორესპონდენტმა თეა თუაშვილმა მოგვაწოდა.

პრეზიდენტი სააკაშვილი: გუშინ მავთულხლართებთან დაკავშირებით ჯონ კერისთან საკმაოდ დეტალური საუბარი მქონდა. კარგია, რომ ეუთოში ამერიკელების მისიამ გააკეთა ამ თემაზე განცხადება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ ეს საკითხი სერიოზული შემოტევაა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე. ასევე გუშინ პრეზიდენტ ობამას ვთხოვე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ყურადღება არ მოადუნოს. გაეროში საქართველოს ძალიან კარგი ელჩი, კახა იმნაძე ყავს რომელიც სულ სხვა ბანაკიდან იყო, მაგრამ არ შემიძლია არ დავაფასო მისი პროფესიონალიზმი. ორ დღეში არის სუამის შეხვედრა, რომლისთვისაც ასევე უნდა მოვემზადოთ. გვაქვს კარგი კოორდინაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. საქართველო რუსეთთან მიმართებაში საფრთხის წინაშე დგას და ვშიშობ მოვლენები უახლოეს მომავალში გაუარესდება. მე ეს გუშინ პრეზიდენტ ობამასაც ვუთხარი.

რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე დეტალურ და ვრცელ გამოსვლას ვამზადებ ხვალისთვის. მინდა რუსეთთან დაკავშირებით ძალია გახსნილად ვილაპარაკო.

რამდენიმე დღის წინ ლიტვის პრეზიდენტმა, რომელიც ტრადიციულად ჩვენი მეგობარია, განაცხადა რომ უკეთესი იქნებოდა საქართველოს ნაცვლად უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ხელი შეეწყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რადგან საქართველოს ევრაზიის ერთობაშიც აქვს ინტერესები. ესეთი განცხადება ევროკავშირის პრეზიდენტის მხრიდან შემაშფოთებელია. მე არ ვიცი ჩვენმა პრემიერ მინისტრმა რა ელაპარაკა მას, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ, რომ ერთია რას იტყვის პრემიერი ხოლო ქართველი ხალხის სურვილი-მეორე. ქართველ ხალხს უნდა ევროპაში ინტეგრაცია და არ შეიძლება ვამბობდეთ, რომ ჯერ სხვა ქვეყნებს უნდა შევუწყოთ ხელი.

ამერიკის ხმა: ხდება თუ არა კოორდინაცია გაეროში ერთიანი პოზიციის გატანის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად?

მიხეილ სააკაშვილი: დიახ, მე გახსნილი ვარ ყველანაირი შენიშვნის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ჩვენ გვაქვს კარგი სამუშაო ურთიერთობა. ერთად ვმუშაობთ არაღიარების თემაზე და აქაც ბევრი აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროში არის სახელმწიფო აპარატი, რომელიც მიუხედავად პოლიტიკური რყევებისა არის ჯანსაღი. ვინც არ უნდა იყოს მომავალში პრეზიდენტი, მაინც უნდა გვახსოვდეს რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ.

ამერიკის ხმა: გჯერათ თუ არა, რომ რუსეთი სირიაზე მოახდენს ზეწოლას ქიმიური იარაღის განადგურებასთან დაკავშირებით?

მიხეილ სააკაშვილი: რუსეთი როგორც საქართველოში თამაშობდა ოკუპანტის და სამშვიდობო ჯარის როლს, იგივეს აკეთებს სირიასთან მიმართებაში. მაგრამ ამ თემიდან მსოფლიოს ყურადღების გადატანა შეუძლებელია. ასე რომ დისკუსიები კიდევ გაიმართება ამ თემასთან დაკავშირებით.