გაეროს უმაღლესი კომისარი უკრაინაში მილიონობით ადამიანის უკიდურეს გასაჭირზე საუბრობს

ვოლკერ თურქი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

რუსეთის მიერ უკრაინაზე ოქტომბრის თვეში მიტანილ იერიშებს სულ ცოტა, 77 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი უკიდურეს გასაჭირში ჩააგდო. ინფორმაციას ვოლკერ თურქი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ავრცელებს.

ხუთშაბათს, 24 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ უკრაინის უდიდესი ნაწილი ახლა გათბობის, ან ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მისი თქმით, ეს რუსეთის აღმაშფოთებელი სარაკეტო იერიშების ბრალია, რომელთა სამიზნე ელექტროსადგურები, გადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურაა. ოქტომბრის დასაწყისიდან მსგავს იერიშებს რუსეთი სულ ცოტა, კვირაში ერთხელ აწარმოებს.

ასევე ნახეთ: ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, რუსეთს ხმის უფლება ჩამოართვას

"ამ იერიშების გამო, მილიონობით ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში და აღმაშფოთებელ საცხოვრებელ პირობებში იმყოფება" - განაცხადა ვოლკერ თურქმა. მისი თქმით, "ეს ყველაფერი ერთად აღებული, სერიოზულ პრობლემებს ქმნის საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის მიმართულებითაც".

მოსკოვი აღიარებს, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურას უტევს. თუმცა, უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაც არის. კრემლი აცხადებს, რომ მათი მიზანია შეასუსტოს უკრაინის ბრძოლისუნარიანობა და აიძულოს კიევი, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.

გაეროს უმაღლესმა კომისარმა იმავე განცხადებაში ისაუბრა ვიდეოებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ, რუსი ტყვეების დახვრეტას აჩვენებს. ვოლკერ თურქის თქმით, პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ ეს ვიდეოები "მაღალი ალბათობით" რეალობას შეესაბამება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამკვირვებელთა ჯგუფმა ამ ვიდეოების გავრცელებამდე რამდენიმე ხნით ადრე განაცხადა, რომ ომში ტყვეების წამების ფაქტები ორივე მხარეს ფიქსირდება, როგორც რუსეთის, ისე - უკრაინის მხრიდან.