რეზოლუცია დევნილთა შინ დაბრუნების უფლებას აღიარებს

გაეროში საქართველოს მიმართ მხარდამჭერ ქვეყანათა რაოდენობა ისევ გაიზარდა. აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო-იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე რეზოლუციას გაეროს 80-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, რაც ოთხით მეტია გასული წლის რეზოლუციასთან შედარებით, ერთი ქვეყნით (15 -2016, 14-2017) შემცირდა რეზოლუციის საწინააღმდეგო მხარდაჭერა. ასევე, თუ გასული წლის რეზოლუციის კენჭიყრის დროს თავი 64-მა ქვეყანამ შეიკავა, წელს მხოლოდ 61-მა. თეა თუაშვილი გაეროს შტაბ-ბინიდან მოგვითხრობს.

ნიუ-იორკის დროით 15 საათზე, გაეროს გენერალური ასამბლეა საქართველოს საკითხზე შეიკრიბა. შესავალში კახა იმნაძემ გენერალური ასამბლეის წევრებს 21 წლის დევნილის, თამარის გზავნილი გააცნო, რომლის ოცნებაა იცხოვროს თავის სახლში, რომელიც აქვს, მაგრამ არსებული პირობების გამო დაბრუნება არ შეუძლია. აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო-იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია დევნილთა უპირობო და უსაფრთხო დაბრუნებას, ჟენევის ფორმატით მოლაპარეკებების გაგრძელებას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დემოგრაფიულ და ჰუმანიტარულ საკითხებს მოიცავდა.

კახა იმნაძე: ძვირფასო კოლეგებო მოგმართავთ ჩემი ხელისუფლების და თამარის მსგავსი სხვა, იძულებით გადაადგილებული პირების სახელით, რომ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციას დევნილთა სტატუსის შესახებ. ამ რეზოლუციით გვინდა, რომ კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზება მოვახდინოთ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს დევნილი და იძულებით ადგილნაცვალი პირების უფლებების უპირობო აღიარება და დაცვა. გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატის გამოკვითხვის შედეგების მიხედვით, მათ უმრავლეოსობას, გამოკითხულთა 88,3 %-ს საკუთარ მიწა-წყალზე ნებაყოფლობით სურს დაბრუნება.

კენჭისყრამდე რეზოლუციის მიმართ თავისი დამოკიდებულება, ტრადიციული რიტორიკით რუსეთის მისიის წარმომადგენელმა დააფიქსირა. ვიტალი ჩურკინის გარდაცვალების შემდეგ მოვალეობას პეტრ ილიჩევი ასრულებს.

პეტრ ილიჩევის განცხადებით, რეზოლუციის ავტორების აქტიურობის მიუხედავად, წლების განმავლობაში რეზოლუციას არასოდეს მიუღია უმრავლეოსობის მხარდაჭერა, რაც მისი თქმით, ადვილი ასახსნელია, რადგან ეს არის პოლიტიკური რეზოლუცია, რომელიც არ არის რეალური ზრუნვა დევნილთა უფლებებზე, არამედ საქართველოს ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის გამო დაზარალებული დევნილი ადამიანების ბედით სპეკულირება.

დევნილთა ინტერესების დაცვით და საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მოწოდებით ტრიბუნაზე, პირველი უკრაინის ელჩი გამოვიდა. შემდეგ ლატვია, დიდი ბრიტანეთი, კანადა.

დიდი ბრიტანეთის მისიის პირველი მდივანი მარტინ შერმენი: დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს რეზოლუციას, ეს დოკუმენტი აღიარებს დევნილთა უპირობო უფლებებს, რომ დაბრუნდნენ თავიან ადგილებზე. ეს არის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხი და არ არის დაკავშირებული ღრმა პოლიტიკურ საკითხებთან. ამჟამად, საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული 250 ათასი დევნილია, რომლებსაც მნიშვნელოვანია გაერომ გაუგზავნოს სიგნალი, რომ ჩვენ ისინი არ დაგგვიწყებია და ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ისინი საკუთარ სახლებს დაუბრუნდენ.

კენჭისყრის შედეგები: რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 61-მა თავი შეიკავა. გასულ წელს შედეგები ასე გამოიყურებოდა - 76 მომხრე, 15 წინააღმდეგი და 64-მა თავი შეიკავა. კახა იმნაძეს კოლეგები წარმატებას დარბაზში ულოცავდნენ. უკრაინის ელჩი ვოლოდიმირ ილჩენკო:

ვოლოდიმირ ილჩენკო: ძალიან გახარებული ვარ შედეგით. ოთხი ქვეყანა თითქოს არაფერია, მაგრამ როდესაც იცი, რა ხდება აქ-გენერალურ ასამბლეაში, როგორ მუშაობს სისტემა, ეს ბევრს ნიშნავს. ეს ქართული დელეგაციის თავდადებული მუშაობის შედეგია, არა მხოლოდ აქ, დარწმუნებული ვარ თბილისშიც იმუშავეს. ასე რომ ვულოცავ ჩემს ქართველ ძმებს და დებს.

გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე რეზოლუციას ქართული დიპლომატიის მორიგ წარმატებად აფასებს.

კახა იმნაძე: ის, რომ მსოფლიოში ბევრი რთული ადგილია და ბევრია ცხელი კონფლიქტი და ასეთ დროს, რომ საქართველოს საკითხი ისევ შენარჩუნებულია, არის დღის წესრიგში, მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში და გაგვაქვს რეზოლუცია-ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს რეზოლუციები არ არის მხოლოდ ერთი დღის ნაფიქრი და ნაშრომი, ეს არის მთელი წლის მუშაობა, რაც ნიშნავს, რომ ქართული დიპლომატია თავის ფუნქციას ასრულებს. ისევ უცვლელია რუსეთის რიტორიკა, მაგრამ როგორც დაადასტურა კენჭისყრამ, ამას არ იზიარებს მსოფლიო თანამეგობრობის დიდი უმრავლესობა. ხოლო ისინი, ვინც იზიარებენ, ეს მხოლოდ კენჭისყრასთან მიმართებაში გაიზიარეს.

რეზოლუციის კენჭიყრის შემდეგ, გაეროს ქართული მისიის ერთგვარი ტრადიცია ყოველწლიურად გენერალური ასამბლეის დარბაზში საერთო ფოტოს გადაღებაა. წელს კენჭისყრამდე ფსონიც დადეს, გაეროს ორმა თანამშრომელმა ხელზე დაიწერა ციფრი 80 იმ იმედით, რომ რეზოლუციას მხარს 80 ქვეყანა დაუჭერდა. მოლოდინი გამართლდა.