გაერო: 2018 წელს, მსოფლიოში 71 მილიონ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლკარის დატოვება

გაეროს ინფორმაციით მსოფლიოს გარშემო 71 მილიონი ადამიანი იძულებით ადგილნაცვალია, დევნილია ან კონფლიქტის მსხვერპლია. ეს რიცხვი 70 წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შექმნა, ახლა ყველაზე მაღალია. სააგენტოს თქმით, ეს კონსერვატიული გათვლაა, რადგან ის ვენესუელის კრიზისს არ ითვალისწინებს. გაეროს ინფორმაციით, ვენესუელის კრიზისის შედეგად 4 მილიონმა ვენესუელელმა დატოვა ქვეყანა. მათ უმეტესობას ფორმალურად თავშესაფარი არ მოუთხოვია, სწორედ ამიტომ არ არიან ისინი ოფიციალურ სტატისტიკაში ასახულნი.

გასულ წელს, გაეროს ანგარიშის მიხედვით ომისა და დაპირისპირების შედეგად საკუთარი ქვეყანა 26 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ხოლო 41 მილიონზე მეტი, საკუთარი ქვეყნის შიგნითაა იძულებით გადაადგილებული. მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა უმეტესობა ხუთ ქვეყანაზე მოდის, ესენია: სირია ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, ბირმა და სომალი.

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი თურქეთმა მიიღო. შემდეგ მოდის პაკისტანი, უგანდა, სუდანი და გერმანია.

გაეროს კომისარმა ლტოლვილთა საკითხებში ფილიპო გრანდიმ განაცხადა, რომ სტატისტიკა აჩვენებს, რომ იძულებით გადაადგილებულთა უმეტესობა „მდიდარ“ ქვეყნებში არ ეძებს თავშესაფარს.

„ლტოლვილთა უმეტესობა იმ ქვეყნის მეზობელ ქვეყნებში მიდის, სადაც ომია, სამწუხაროდ ეს გულისხმობს ღარიბ თუ საშუალო შემოსავლის ქვეყნებს. კრიზისი იქაა. ესაა, რაზეც უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას“, - თქვა მან.

გრანდი ამბობს, რომ 70 მილიონ ადამიანს შორის, რომელთაც იძულებით გადაადგილება მოუწია 2018 წელს, მხოლოდ 600,000 დაუბრუნდა საკუთარ სახლებში.