პანდემიამ გლობალური ტურიზმი 2 ტრილიონი დოლარით დააზარალა

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ტურიზმის სექტორი მხოლოდ 2021 წელს 2 ტრილიონი დოლარით დააზარალა. აღდგენითი პროცესი კი კვლავ ნელა და რთულად მიმდინარეობს.

პროგნოზი, რომელსაც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს არც ისე იმედისმომცემია. განსაკუთრებით ბოლო დროს მზარდი ინფიცირების მაჩვენებლებისა და ახალი ვარიანტების ფონზე.

საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირებულ 1.5 მილიარდ მგზავრთან შედარებით კვლავ 70-75%-ით ნაკლებია.

გლობალური ტურიზმის სექტორი გასულ წელს პანდემიის გამო დაკარგული 2 ტრილიონიანი შემოსვლის გამო ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც კოვიდ-19-მა განსაკუთრებით დააზარალა. გაეროს სააგენტოს არ აქვს მონაცემები იმის თაობაზე, თუ როგორ დინამიკას უნდა ველოდოთ მომავალი წლისთვის. თუმცა მისი საშუალო ვადიანი პროგნოზიც არც ისე ოპტიმისტურია

"მიუხედავად რეალური გაუმჯობესებისა, ვაქცინაციის არათანაბარი ტემპები მთელ მსოფლიოში და კოვიდ-19-ის ახალმა ვარიანტებმა, როგორებიც დელტა და ომიკრონია, შეიძლება ისედაც სუსტ და ნელ გაუმჯობესებაზე დიდი გავლენა მოახდინოს", ამბობენ ორგანიზაციაში.

ასევე ნახეთ: ინფიცირება მკვეთრად იზრდება, ეკონომიკა კი მკვეთრად იკუმშება - პანდემია კოვიდ-19


"ეს ტურზმის ინდუსტრიისთვის ისტორიული კრიზისია, მაგრამ სექტორს აქვს ძალების სწრაფად მოკრების პოტენციალიც", ამბობს ზურაბ პოლოლიკაშვილი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი. "მე ნამდვილად მაქვს იმედი, რომ 2022 იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე - 2021", - უთხრა პოლოლიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ასოშეითედ ფრანს პრესს".

ორგანიზაცია ქვეყნებს კოვიდ-პროტოკოლების ჰარმონიზაციისკენ მოუწოდებს, რათა მგზავრებმა თავი დაცულად იგრძნონ და დაბნეულობაც ნაკლები იყოს.

წელს, ზაფხულში საერთაშორისო ტურიზმი შედარებით გაუმჯობესდა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ამის მიზეზი კი დიდწილად სწრაფი ვაქცინაცია და შეზღუდვების შემცირება იყო. 2021 წლის მესამე კვარტალში ზოგიერთ რეგიონში სტუმრობამ პანდემიამდელ მაჩვენებლებსაც მიაღწია, მაგალითაც კარიბის ზღვისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში, ისევე, როგორც სამხრეთ ევროპაში. თუმცა ქვეყნების ნაწილში ტურისტები თითქმის საერთოდ არ ჩადიოდნენ. განსაკუთრებით კი აზიასა და წყნარი ოკეანის აუზის სახელმწიფოებში. აქ საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა 95 %-ით იყო შემცირებული 2019 წელთან შედარებით. ტურისტებისთვის სრულადაა დაკეტილი 46 ტერიტორია - მსოფლიოში ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილების 21 %. 55 %-ის საზღვრები მხოლოდ ნაწილობრივაა დახურული უცხოელი სტუმრებისთვის. ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მხოლოდ 4 ქვეყანაში მოხსნეს - კოლუმბიაში, კოსტა-რიკაში, დომინიკის რესპუბლიკასა და მექსიკაში.

მოგზაურობისა და ტურიზმის მომავალი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიური სამიტის მთავარი საკითხი იქნება. სამიტს 159 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. ის მარაკეშში უნდა გამართულიყო, თუმცა მოროკომ ღონისძიებას სწორედ არაერთ ქვეყანაში მზარდი ინფიცირების გამო არ უმასპინძლა.

პანდემიამდე ტურიზმის სექტორი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტისა და სამუშაო ადგილების 10%-ს უზრუნველყოფდა.