ნიუ-იორკში გაეროს 73-ე გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. ასამბლეა წელს 18 სექტემბერს გაიხსნა. 9 დღის განმავლობაში მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა საერთაშორისო საკითხზე ისაუბრებენ. როგორც ამ წლის ივლისში გამოცხადდა, გენერალური ასამბლეის დებატების მთავარი აქცენტები იმაზე გაკეთდება, თუ როგორ უნდა იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა რელევანტური ყველასთვის, გლობალური ლიდერობისა და გაზიარებული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.
გენერალური დებატები ორშაბათ დილით გაიხსნა. მას ნელსონ მანდელას 100 წლის იუბილის აღსანიშნად "მანდელას მშვიდობის სამიტი" უწოდეს. ამერიკის პრეზიდენტი გაეროში სიტყვით სამშაბათს გამოვა. ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილებს ყურადღებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვაშინგტონში პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ ის ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
27 სექტემბერს კი მამუკა ბახტაძე ასამბლეის გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, სიტყვით გამოვა და სესიის მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს.