გაეროს ადამიანის უფლებათა გამომძიებელი ახალ მოხსენებაში ამბობს, რომ აშშ-ის მიერ, ირანელი გენერლის ლიკვიდაცია „თვითნებური მკვლელობა“ იყო.
„არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რომ გენერალი სოლეიმანი გეგმავდა დაუყოვნებლივ თავდასხმას აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ერაყში, რის გამოც დაუყოვნებელი მოქმედება აუცილებელი და გამართლებული იქნებოდა“ - აცხადებს აგნეს ქალამარი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე წარდგენილ ანგარიშში.
დრონით საჰაერო დარტყმა მაშინ განხორციელდა, როცა გენერალი სოლეიმანი ბაღდადში, აეროპორტს ტოვებდა. ოპერაციის დროს ასევე დაიღუპა ერაყის სამხედრო მაღალჩინოსანი და ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ ოთხი წევრი.
გაეროს უშიშროების საბჭოში, საკუთარ მოხსენებაში აშშ აცხადებს, რომ დარტყმა თავდაცვის მიზნით განხორციელდა ირანის მიერ, „ბოლო თვეებში, შეიარაღებული თავდასხმების სერიების ესკალაციის საპასუხოდ.“
სოლეიმანის ლიკვიდაციიდან რამდენიმე დღეში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ყასემ სოლეიმანის დაგეგმილი ჰქონდა „ფართომასშტაბიანი თავდასხმები ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ და ეს თავდასხმები გარდაუვალი იყო.“
ამასთან, აგნეს ქალამარი აცხადებს, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა, ერაყის თანხმობის გარეშე განხორციელდა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეერთებული შტატები არც კი განიხილავს ერაყის უფლებებს, არ განმარტავს და არ წარმოაჩენს მტკიცებულებებს, ქვეყნის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, ძალის გამოყენების შესახებ“ - წერს ქალამარი და აცხადებს, „ვიდრე ამგვარი განმარტება არ გაკეთდება, უნდა გაკეთდეს დასკვნა, რომ თავდასხმა არის ერაყის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული აქტი და მის ტერიტორიაზე, მისივე მოქალაქეებისა და არამოქალაქეების მკვლელობა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იყო არაკანონიერი და თვითნებური.“