საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და უფლებადამცველებთან ერთად გაეროში ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე გამოვიდა. წლევანდელი სესია სოფლად მცხოვრები გოგონების და ქალების გაძლიერებას მიეძღვნა. რა შეიცვალა საქართველოში ერთი წლის განმავლობაში და რა ახალი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
ქალთა მიმართ ძალადობა და გენდერული თანასწორობა - ამ ორ მთავარ საკითხზე საქართველოს დელეგაცია გაეროში ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიაზე მსჯელობდა.
სახელმწიფოს მხრიდან უკვე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა. სტამბულის კონვენციის რატიფიკაციას 20-ზე მეტ კანონში ცვლილებები მოჰყვა და ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე და გენდერულ საკითხებზე საზოგადოებაში დამოკიდებულებები შეიცვალა.
თამარ ჩუგოშვილი: "საკანონმდებლო გარანტიების თვალსაზრისით, ქვეყანას ძალიან გამართული კანონმდებლობა აქვს. იმპლემენტაციაც და აღსრულებაც უკეთესობისკენ მიდის და პოზიტიურობისკენ იცვლება. ამაზე მეტყველებს მიმართვიანობის სტატისტიკა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა იზრდება, არამედ გაიზარდა იმ დაზარალებულების რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოს დასაცავად მიმართეს. ჩვენ უკვე ვამატებთ სხვადასხვა სერვისებს, მთავარი აქცენტი არის ძალოვნებზე, რადგან მათ აქვთ პირველ რიგში მსხვერპლთან და მოძალადესთან შეხება და მათ მოვალეობაში შედის მსხვერპლის დაცვა. მაგრამ შემდგომ უვკე სხვადსხვა სერვისების განვითარებაც არის საჭირო,მაგრამ რაღაცეები დასახვეწი და განსავითარებელია. მსხვერპლს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავშესაფრიდან გამოსულმა დამოუკიდებელი ცხოვრება გააგრძელოს."
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი თვლის, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა გარკვეული კულტურული მოცემულობა და ცუდი ტრადიციაა, თუმცა ვინაიდან დაზარალებულებმა ძალადობის შემთხვევებზე საუბარი ღიად დაიწყეს, პრევენციული ღონისძიებებიც და რეაგირებაც უფრო ეფექტური გახდა. მისი თქმით, მიმართვიანობის სტატისტიკა ბოლო 5 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა.
დიმიტრი ცქიტიშვილი: "ხილული გახდა ეს პრობლემა და მასთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახდება. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიციაა, რომ საკანანომდებლო კუთხით შევქმნათ ის ჩარჩოები, რომელიც ამას უზრუნველყოფს, ერთის მხრივ იქნება ეს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მეორეს მხრივ, სერვისებით უზრუნველყოფა მსხვერპლთა დაცვის მიზნით. ასევე მინიშვნელოვანია პოლიციური რეფორმები, შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც უფრო მგრძნობაირე იქნება ამ საკითხების მიმართ. თუ არ მეშლება 2016 წელს 3000 -ზე მეტი მიმართვიანობა იყო როცა 2013 წელს იყო 300. ანუ თითქმის ათჯერ მეტია."
პარლამენტში მოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელმა, " ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გაეროში ყურადღება გაამახვილა ქალთა მდგომარეობაზე იმ რეგიონებში, სადაც ახლა საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
მთავარ პრობლემად ოპოზიციის წარმომადგენელი სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების სისუსტეს ასახელებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე სპეციალური დეპარტამენტის შექმნით და გააქტიურებით კმაყოფილია.
ელენე ხოშტარია: "მე ვფიქრობ, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე რამდენიმე პრობლემა გვაქვს. ეს არის ძალადობრივი და დაუსჯელობის გარემო, რომელიც ხელს უწყობს ასეთ შემთხვევებს. მაგალითად რომ გავიხსენოთ ინციდენტი ზაფხულში, როდესაც ქართული მარშის წევრები ფეისბუქში გოგოს გაუპატიურებით დაემუქრნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ არავინ არ დასჯილა. მეტიც, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომდგენელი პატრიოტს ეძახდა კორკოტას. იმ კონკრტეულ ვითარებაში, როცა მოძალადე კონკრეტულად ქალის მიმართ ასე იქცევა და სახელიმწიფოს და პოლიტიკური, მმართველი პარტიის რეაგირება არის ის, რომ ის პატრიოტია და არ ისჯება. ეს ზოგადი დაუსჯელობის კლიმატი გავლენას ახდენს, რომ ქვეყანაში შეიძლება რაღაცა დანაშაულის ჩადენა."
ბოლო წლებში, ქალთა ძალადობის აღმოფხვრის პოლიტიკას ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობამ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ახალი სახეების გამოჩენამაც შეუწყო ხელი. ქალთა კვოტირება რეალური გახდა. თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მას იმედი აქვს, რომ მომავალ კვირას ეს საკითხი კენჭისყრაზე საბოლოოდ გავა.
თამარ ჩუგოშვილი: "როგორც იცით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობა ძალიან დაბალია როგორც ცენტრალურ დონეზე, ანუ საქართველოს პარლამენტში,ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე - საკრებულოებში, გამგეობებში. მერები არ გვყავს ჩვენ ქალები. ერთ კვირაში, საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის სავალდებულობო გენდერული კვოტების შესახებ კანონს. ეს კანონი პირველად არ გამოდის, სათანადო მხარდაჭერა აქამდე არ ჰქონდა, მომავალ კვირას გვექნება კენჭისყრა და იმედი მაქვს რომ პარლამენტი ამ ცვლილებებს მიიღებს."
ელენე ხოშტარია: "მე მიმაჩნია, რომ კვოტირება განსაკუთრებით იმ სახით, როგორც ახლა არის წარმოდგენილი, პრობლემას არ მოაგვარებს. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესში ქალების ჩართვა და აქ პარტიებს აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ანუ განა ის, რომ წინასაარჩევნოდ სიის შედგენის მომენტში ქალთა რაღაც რაოდენობა დაასახელო, არამედ მთლიანად შუა საარჩევნო პერიოდშიც რეალურად ხელი შეუწყო ძლიერი ქალი ლიდერების ჩამოყალიბებას."
ამერიკაში დაწყებული "ME TOO" კამპანია შეიძლება მალე ქართულ საკანონმდებლო სივრცესაც შეეხოს. ქალთა ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაზე შრომის კოდექსში ცვლილებები მზადდება. იმ შემთხვევაში, თუკი შრომის კანონში არსებულ ზოგად განმარტებას , "შევიწროებას" სიტყვა სექსუალურიც დაემატება, ეს ქმედება საჯარო სივრცეში შეიძლება დასჯადიც გახდეს.
გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია მორიგ, 63-ე შეკრებას მომავალ წელს გამართავს.