გაეროს გენერალურმა მდივანმა "სიგიჟის ქარი" უწოდა დედამიწაზე მიმდინარე მზარდი ესკალაციის კონფლიქტებს. ორშაბათს, ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ანტონიო გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა, მათ შორის ლიბიაზე, იემენზე, სირიაზე და შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ამერიკაში არსებულ დაძაბულობებზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ის ადრე იმედის ქარზე ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა იძულებულია სიგიჟის ქარზე ისაუბროს. "ყველა სიტუაცია განსხვავებულია, თუმცა არსებობს მზარდი არასტაბილურობის და ფეთქებადი დაძაბულობების შეგრძნება, რომელიც ყველაფერს გაცილებით უფრო არაპროგნოზირებადს და უკონტროლოს ხდის, არასწორი გათვლების მძიმე რისკებით" - ამბობს ანტონიო გუტერეში.
მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელიც ლეგალურ ვალდებულებებს ითვალისწინებს, "მელნის შეშრობამდეც კი უპატივცემულოდ ეპყრობიან". ამ შემთხვევაში ის ლიბიაზე მიანიშნებდა, რომლისთვისაც გაერომ 19 თებერვალს სამშვიდობო გეგმა გამოსცა. რეზოლუცია ლიბიის საქმეებში უცხოეთის ჩარევას კრძალავს, მოიცავს ნაბიჯებს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით და ქვეყნებს ლიბიისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს პატივისცემისკენ მოუწოდებს.
გენერალური მდივანი "უზარმაზარ შეშფოთებას" გამოთქვამს სირიის ქალაქ იდლიბში მომხდარი ესკალაციის გამო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახლა იქ სირიის და თურქეთის არმიები ერთმანეთს ბომბებს უშენენ. თუ ეს ძალადობა დროულად არ შეწყდა, სიტუაცია შეიძლება "სრულიად უკონტროლო გახდეს" - ამბობს ის.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, გლობალური პრობლემები "ერთმანეთით იკვებება". შეიარაღებული კონფლიქტების ფონზე ტერორიზმი იზრდება, მთავრობები სუსტდება, სიღარიბის პრობლემა კი ისევ ისე დაუძლეველი რჩება. გამოსვლის დასასრულს გუტერეშმა აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში ის მაქსიმალურად შეეცდება დიპლომატიის გზით მშვიდობის მიღწევას.