12 ქართველი უკრაინული სამთავრობო საიტის, „ომი და სანქციების“ სიაში

უკრაინული ვებგვერდის ფოტო

უკრაინული პორტალი „ომი და სანქციები“ იმ 12 ქართველის მონაცემებს აქვეყნებს, რომლებიც ვებ-საიტის შემქმნელების აზრით, საქმიანობის, კავშირების ან უკრაინაში ომთან დამოკიდებულების გამო, შესაძლოა სანქცირებულთა სიის კანდიდატობას იმსახურებდნენ.

4 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, პორტალი „ომი და სანქციები“ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი. ის შეიცავს ინფორმაციას ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებული პირების შესახებ.

„პორტალის მთავარი მიზანი - უცხო ქვეყნების მთავრობების და მოქალაქეების ინფორმირებაა უკვე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გლობალური კამპანიის მიმართ სანქციების სიის გაფართოებასთან დაკავშირებით იმ პირთა მიმართ, ვინც ომს ფინანსურ და საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს. ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას ომის თანაორგანიზატორებზე და მოაახლოებს უკრაინის გამარჯვებას“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პორტალის წესების მიხედვით, ელექტრონულ მისამართზე მონაცემების გაგზავნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირსაც. „საიტის მეშვეობით ნებისმიერს შეუძლია მოითხოვოს სანქციების დაწესება მათთვის, ვინც ამას იმსახურებს“. პორტალის შემქმნელები ეყრდნობიან უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობას და მომხმარებლებისთვის განმარტავენ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მათ მიერ გამოქვეყნებულ სიაში.

ასევე ნახეთ: IDFI: 5 წელში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები 8464 პირიდან 72% რუსეთის მოქალაქე იყო

ამჟამად საიტზე განთავსებულია, იმ რამდენიმე ათეული ფიზიკური პირის მონაცემი, რომლებიც უკვე მოხვდნენ სხვადასხვა ქევყნის მიერ დაწესებულ სანქცირებულთა სიაში.

ასევე ატვირთულია იმ პირთა სია, ვისზეც ჯერ სანქციები არ გავრცელებულა. მაგრამ, პორტალის შემქმნელთა მიერ, ამ პირების ბიოგრაფიული ცნობების საფუძვლებზე, შესაძლოა მომხმარებელმა მიიჩნიოს, რომ ისინი იმსახურებდნენ სანქცირებულთა სიაში მოხვედრას.

სწორედ ამგვარ სიაშია საქართველოს 12 მოქალაქეც. მათი უმრავლესობა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავი ან პოლიტიკური თუ ბიზნესგარემოცვის წევრია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტალს მოგვიანებით დაემატება იურიდიული პირების ჩამონათვალიც.