უკრაინის არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებას შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში სწრაფი მოლოცვები და მხარდაჭერის კიდევ არაერთი განცხადება მოჰყვა. თუმცა, აღმოსავლეთ ევროპელი მიმომხილველების ნაწილი აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დასავლეთსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ.
„დღეს უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა“, - დაწერა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა. „ველოდები მის ადმინისტრაციასთან მუშაობას ძლიერი, დემოკრატიული და წარმატებული უკრაინის მხარდასაჭერად“, - თქვა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საერთო წერილში ზელენსკის მიულოცეს და განაცხადეს, რომ კიევმა 2014 წლის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თუმცა, ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ წინ კიდევ ბევრი საქმეა „მშვიდობიანი, დემოკრტიული და წარმატებული უკრაინისთვის, როგორსაც მისი მოქალაქეები ითხოვენ“.
მაქსიმ ხულკო, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების კვლევების ინიციატივის ფონდის ხელძღვანელია. ის აცხადებს, რომ არ ელოდება კიევის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვნად შეცვლას. ის ამბობს, რომ გამომდინარე ზელენსკის მრჩევლების და წინასაარჩევნო რიტორიკიდან, სავარაუდოდ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა არ გაიზრდება.
„ეცდებიან დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობებში ახალი ბალანსი იპოვონ. რადგან ახალი პრეზიდენტის წრეში ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომელთა პრიორიტეტიც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა“, - აცხადებს ხულკო „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციასთან საუბარში. „რუსეთი შეეცდება სწორედ ამ პრიორიტეტებზე ითამაშოს, ისევე როგორც ზელენსკის პირად სიახლოვეზე რუსულ კულტურასთან და მისი გამოუცდელობით პოლიტიკაში“, - ამბობს ის.
განსხვავებამ, მისი ამომრჩევლების იდეოლოგიაში, შესაძლოა ზელენსკის მანევრირების საშუალება შეუზღუდოს, იქნება ეს რუსეთთან დაახლოება თუ დასავლეთთან ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაზრდა.
„ზელენსკის ამომრჩეველთა ნახევარს რუსეთთან გაუმჯობესებული ურთიერთობები სურს - ეს ის ამომრჩეველია, რომელმაც ღიად პრო-რუსულ კანდიდატებს იური ბოიკოს და ოლეკსანდრ ვილკულს დაუჭირა მხარი პირველ ტურში. მისი ამომრჩევლის მეორე ნაწილი, კვლევების მიხედვით, დასავლურ კურსს ამჯობინებს, თუმცა ისინი გაღიზიანებულები იყვნენ [პეტრო] პოროშენკოს პოლიტიკით“ -ამბობს ის. „ვფიქრობ ზელენსკის ამომრჩევლის უმეტესობამ მას ხმა იმ იმედით მისცა, რომ ის დასავლურ კურსს შეინარჩუნებს“, - თქვა ხულკომ.
ხულკო აცხადებს, რომ პოლიტიკური მრჩევლები, რომლებიც ზელენსკის გარშემო არიან და რომელთაც პოლიტიკური გამოცდილება აქვთ, ფრთხილად იმოქმედებენ ვაშინგტონთან ურთიერთობისას. ის ამბობს, რომ ეს ტრამპის ადმინისტრაციას ესმის.
„რაც შეეხება ვაშინგტონს, ურთიერთობა დარჩება მაღალ დონეზე. შეერთებული შტატების პოზიცია ასეთია: მათ ესმით, რომ არა თავად ზელენსკი, არამედ ისინი ვინც მასთან ახლოს არიან, ნაკლებად მონდომებულნი იქნებიან რომ (უკრაინელი ოფიციალური პირების გადმოსახედიდან) იხილონ ვაშინგტონი საგარეო პოლიტიკის წამყვან როლში“, - ამბობს ის.
ნიკოლაი ბელესკოი, კიევში დაფუძნებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტიდან“, ამბობს, რომ ბოლომდე არც მოსკოვმა და არც ვაშინგტონმა ჯერ არ იციან თუ როგორი იქნება ზელენსკის საგარეო პოლიტიკა. „რუსები ელოდებიან ზელენსკის ოფიციალურ რიტორიკას რათა მისი მიდგომა გაიგონ“, - უთხრა მან „ამერიკის ხმას“.
ზელენსკის მზაობა რუსეთთან ეკონომიკური ჩართულობის კუთხით შესაძლოა შემოწმდეს იაფი ენერგიის მიწოდების გადაწვეტილებით. „კრემლმა შესაძლოა [უკრაინას] იაფი ბუნებრივი აირი შესთავაზოს, მაშინ როცა ზელენსკის მოუწევს არჩევანი გააკეთოს კრემლთან მოლაპარაკებებს და მზარდ უძრავ ქონებას, თუ კომუნალურ გადასახადებს შორის“, - ამბობს ბელესკოი.
თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწვეტილება, რომ გააიოლოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა, ორ ქვეყნას შორის მოლაპარაკებების შანსებს ამცირებს.
შეერთებული შტატების საელჩომ კიევში ოთხშაბათს განაცხადა, რომ კრემლის ბრძანება გააადვილოს რუსული პასპორტების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, „აბსურდია“.
„ყირიმი უკრაინაა. დონეცკი უკრაინაა. ლუჰანსკი უკრაინაა. ჩვენ ვგმობთ უკანასკნელ აბსურდს და დონეცკისა და ლუჰანსკის მცხოვრებლებისთვის ბრძანებას, რომელიც არასტაბილურობას ისახავს მიზნად და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენტიტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა ამერიკის საელჩომ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.
ზელენსკის გუნდმა საკუთარი განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის ქმედებებს ის აღწერს, როგორც „კიდევ ერთხელ ნათელ დასტურს მსოფლიო საზოგადოებისთვის რუსეთის რეალურ როლზე, როგორც აგრესიულ სახელმწიფოზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ბრძანება ჩვენ არ გვაახლოებს მთავარ გადაწვეტილებასთან: ცეცხლის შეწყვეტასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.