სულ ცოტა, 16 ადამიანი იმსხვერპლა 6 სექტემბერს, რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქ კოსტიანტინივკაზე მიტანილმა საჰაერო იერიშმა. ინფორმაციას ბრიტანული მაუწყებელი "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სარაკეტო დარტყმა დასახლების ხალხმრავალ ნაწილში, ბაზართან, მაღაზიებთან და აფთიაქთან მოხდა. იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზეა მიტანილი, დაღუპულებს "არაფერი დაუშავებიათ" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ის შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. "ეს რუსული ბოროტება უნდა დამარცხდეს რაც შეიძლება სწრაფად" - თქვა ზელენსკიმ.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ქალაქი კოსტიანტინივკა ფრონტის ხაზთან ახლოს, უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში მდებარეობს.