უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა სამშაბათს თანამდებობის დატოვების თაობაზე განაცხადა. ამის მიზეზად იმ სკანდალზე პასუხისმგებლობის აღება დაასახელა, რომელშიც ათობით ოფიციალურ პირს ბრალად ედება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით მიღება. ეს კი სავარაუდოდ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ხდებოდა.
კოსტინმა გადადგომის თაობაზე ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოების სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც ოფიციალურმა პირებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ებრძოლონ კორუფციას და კანონმდებლობაში ე.წ. "შავ ხვრელებს", რომელსაც ჯარში გაწვევის გადასავადებლად იყენებენ.
ამ დროისთვის ნათელი არ არის, მოახდენს თუ არა კოსტინის გადადგომა გავლენას უკრაინის ძალისხმევაზე, რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს სრულმასშტაბიანი შეჭრის ფარგლებში ჩადენილ ომის დანაშაულებზე, რაშიც კიევი, მისი მოკავშირეები და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო მოსკოვს ბრალს სდებენ. ამ ძალისხმევას სწორედ კოსტინის უწყება ხელმძღვანელობდა.
ასევე ნახეთ: ზელენსკიმ ხელი მოაწერე კანონს, რომელიც მობილიზაციის წესებს ცვლისცოტა ხნის წინ კოსტინის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გაისმა ბრალდებები, რომ ათობით ადგილობრივმა თანამდებობის პირმა, მათ შორის პროკურორებმა, თანამდებობრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, რათა სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი სტატუსი არ მიეღო.
საბჭოს სხდომის შემდეგ, სოციალურ მედიაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაცრი ტონით დაწერილი განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია: „გენერალურმა პროკურორმა უკრაინის პროკურატურებში არსებულ ვითარებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.“
ამას სულ რამდენიმე წუთში, გადადგომის შესახებ კოსტინის განცხადება მოჰყვა. პროკურორმა შეზღუდული შესაძლებლობის თაობაზე დიაგნოზების შესახებ ვითარებას „აშკარად ამორალური“ უწოდა და პირადი პასუხისმგებლობის თობაზე ზელენსკის დაეთანხმა.
პროკურატურა ამ სკანდალის გამო საზოგადოებრივი უკმაყოფილების წინაშე გასულ კვირას აღმოჩნდა. უკრაინელმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ დასავლეთ უკრაინაში რეგიონ ხმელნიცკში 50 პროკურორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად დარეგისტრირდა.
ამის შემდეგ კოსტინმა გამოძიების განკარგულება გასცა. მან თქვა, გამოძიებით დადგინდა, რომ რეგიონში ამგვარი სტატუსი 61-მა პროკურორმა დაარეგისტრირა, მათგან 50-ის სტატუსი ომამდე გაიცა.
„სხვათა შორის, ეს არაა მხოლოდ პროკურორები. არის გაუმართლებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (სტატუსის მინიჭების) ასობით შემთხვევა საბაჟო და საგადასახადო სამსახურების თანამდებობის პირებში, საპენსიო ფონდის სისტემაში და ადგილობრივ ადმინისტრაციებში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში.
ზელენსკიმ თავის კაბინეტს დაავალა სასწრაფოდ მოამზადოს კანონი შესაძლებლობების შეფასების სისტემის რეფორმისთვის, რათა არსებული სამედიცინო კომისიები 2024 წლის ბოლომდე გაუქმდეს.